საჯარო მოხელეთა ფორუმის მეხუთე შეხვედრა თემაზე – „თვითრეალიზაცია“
18 მაისს გაიმართა საჯარო მოხელეთა მორიგი ფორუმი თემაზე - „თვითრეალიზაცია“ რომელსაც ფსიქოლოგი მერი გაბაშვილი უძღვებოდა.
ფორუმი საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ გახსნა. მან აღნიშნა, რომ ფორუმების პოპულარობა ყოველ ჯერზე იზრდება და სწორედ მოხელეთა მაღალი ჩართულობის უზრუნველყოფა წარმოადგენს მთავარ მიზანს, რომლის შედეგიც საჯარო სამსახურში მეგობრული და კოლეგიალური გარემოს შექმნაა. ეკატერინე ქარდავამ მადლობა გადაუხადა გაეროს განვითარების პროგრამას საქართველოში (UNDP) მოხელეთა ფორუმის მხარდაჭერისთვის.
მერი გაბაშვილმა დამსწრე საზოგადოებასთან ისაუბრა თვითრეალიზაციის არსზე. მან მსმენელების ჩართულობით განმარტა თვითრეალიზაციის მნიშვნელობა და განიხილა მისი ძირითადი კომპონენტები, ასევე, ყურადღება გაამახვილა დისტანციური მუშაობის პირობებში თვითრეალიზაციის გზებზე.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ფორუმი უკვე რიგით მესამე შეხვედრაა, რომელიც ავტორიზებული პლატფორმის მეშვეობით და მონაწილეთა პერსონალური მონაცემების დაცვით წარიმართა (წინა შეხვედრები იხილეთ ბლუმელბზე: 13 მაისის ფორუმი; 24 აპრილის ფორუმი).
ფორუმის შეხვედრები ტარდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, პროექტის - „საჯარო სამსახურის რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში მმართველობის ახალი გზების დანერგვის ხელშეწყობა“ - ფარგლებში.