Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
საჯარო სამსახურის რეფორმა

ლიეტუველი ექსპერტების სემინარი ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში

icon 09 სექ 2019

სემინარი გაიმართა ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში, რომელშიც საქართველოს საჯარო დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელებმა და სპეციალისტებმა მიიღეს მონაწილეობა.

 

ღონისძიება საჯარო სამსახურის ბიუროს ორგანიზებით და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის მხარდაჭერით შედგა, რომელსაც ნატოს სამოკავშირეო ოფისმა უმასპინძლა. სემინარი ხსენებულ საკითხში ლიეტუველმა სპეციალისტმა გამართა. მან მსმენელებს წარუდგინა მიმდინარე წელს ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლითაც საქართველოს საჯარო დაწესებულებებში გამოვლინდა ის პრობლემური საკითხები, რა მიმართულებითაც გამოკითხულები მათთვის ტრენინგების ჩატარებას ისურვებდნენ.

 

ლიეტუველმა ექსპერტმა სემინარის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას ასევე გააცნო ლიეტუვასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების ადამიანური რესურსების მართვის კუთხით არსეული გამოცდილება და ყურადღება გაამახვილა ტრენინგზე როგორც მოტივაციისა და წახალისების საუკეთესო საშუალებაზე. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს საჯარო სამსახურის წინაშე ამ კუთხით არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.

 

სემინარში მონაწილეებს სიტყვით საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ მიმართა. თავის გამოსვლაში მან მადლობა გადაუხადა ლიეტუველ კოლეგებს დახმარებისთვის და გამოცდილების გაზიარებისთვის. მისი განმარტებით, საჯარო სამსახურის რეფორმირების ეფექტური განხორციელებისთვის აუცილებელია HR-მენეჯერებთან მჭიდრო თანამშრომლობა და მათი სწორი სწავლება. ეკატერინე ქარდავამ განსაკუთრებული ყურადღება ახლად დანერგილ შეფასების სისტემაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ სწორად ჩატარებული შეფასებით იგეგმება სამომავლო სწავლება და რომ შეფასების სისტემაა ის ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს სპეციალისტის უკეთეს პროფესიონალად ჩამოყალიბებას.

 

„ჩვენი ბიუროს წარმატება თქვენთან ახლო და შედეგიან თანამშროილობაზეა დამოკიდებული. მიმდინარე რეფორმა თითოეული საჯარო მოხელის რეფორმაა და უნდა შეგახსენოთ, რომ ამ კანონის იმპლემენტატორი თავად მოხელეა, რაც სწორი შეფასების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა“ - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ეკატერინე ქარდავა.

 

აღსანიშნავია, რომ სემინარი უკვე მეორედ იმართება. ლიეტუველი სპეციალისტი ქართველ HR -მენეჯერებს მიმდინარე წლის 30-31 მაისს შეხვდა. ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის ფარგლებში ხორციელდება. საჯარო სამსახურის დაძმობილების პროექტი 2018 წლიდან მიმდინარეობს საჯარო სამსახურის ბიუროს და ლიეტუვას რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციას შორის. პროექტის მიზანია საჯარო სამსახურის ბიუროს ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმის ეფექტური განხორციელების ხელშეწყობის მიზნით.

გამოგადგათ ინფორმაცია