Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
საჯარო სამსახურის რეფორმა

საჯარო სამსახურის ბიუროს კომენტარები „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების რეკომენდაციებზე OGP-ის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით“

icon 22 თებ 2013
2012 წელს “პარტნიორობა ღია მმართველობისთვის” Open Government Partnership (OGP) წევრების პირველი წლიური შეხვედრის დროს ბრაზილიაში, საქართველოს მთავრობამ წარადგინა სამოქმედო გეგმა და აიღო კონკრეტული ვალდებულებები გამჭვირვალობის ხელშეწყობის, კორუფციასთან ბრძოლის და მთავრობების ანგარიშვალდებულების გაზრდისთვის. საქართველოს მთავრობის მიერ OGP-ს სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს მონიტორინგს უწევს არასამთავრობო ორგანიზაციათა ფორუმი.

OGP-ის საქართველოს სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა შეიმუშავა რეკომენდაციათა ახალი პაკეტი. სადაც ერთერთ ძირითად მიმართულებად განსაზღვრულია გამჭვირვალე საჯარო სამსახური, რომელზეც პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანო სხვა უწყებებთან ერთად საქართველოში არის საჯარო სამსახურის ბიურო.

საჯარო სამსახურის ბიურომ მოამზადა კომენტარები „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების რეკომენდაციებზე. გთავაზობთ ჩვენს მიერ გაკეთებული კომენტარების მოკლე ანოტაციას:

I. რეკომენდაცია: “გაუმჯობესდეს მამხილებელთა დაცვის კანონმდებლობა.”

ჩვენი კომენტარი: საჯარო სამსახურის ბიურომ შეიმუშავა კანონპროექტი "მამხილებელთა დაცვის" შესახებ, რომელიც მნიშვნელოვან დებულებებს ითვალისწინებს მამხილებელთა დაცვის კუთხით. კანონპროექტით იკრძალება მამხილებელზე ნებისმიერი არამართლზომიერი ზემოქმედება, მისი დაშინება, შევიწროება და წესდება პასუხისმგებლობის ზომები ასეთი ქმედებების განხორციელებისათვის.

II. რეკომენდაცია: “გაფართოვდეს იმ თანამდებობის პირთა სია, ვისი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებიც ექვემდებარება დეკლარაციების საძიებო სისტემაში გამოქვეყნებას - www.declaration.gov.ge.”

ჩვენი კომენტარი: საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივით მუდმივად იზრდება იმ თანამდებობის პირთა სია, ვისთვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შევსება. ბიუროს ავტორობით სადეკლარაციო თანამდებობათა სია ბოლო საკანონმდებლო ცვილილებით გაიზარდა 300 თანამდებობის პირით და დღეისთვის უკვე 2,800–ზე მეტ თანამდებობის პირს ეკისრება დეკლარაციის შევსების ვალდებულება. საჯარო სამსახურის ბიურომ გაითვალისწინა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების რეკომენდაციები და მოამზადა კანონპროექტი -"საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონში“ ცვილებების შეტანის შესახებ. რომლითაც დამატებით 300-მდე თანამდებობის პირი ემატება ამ სისტემას. კანონპროექტის თანახმად დეკლარაციის შევსების ვალდებულება დაეკისრებათ შემდეგ თანამდებობის პირებს: ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს და მათ მოადგილეებს, საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილეებს, სამინისტროების ყველა დეპარტამენტისა და სამსახურის ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არაკომერციული იურიდიული პირების ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს, სახელმწიფოს 100% წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებისა და სააქციო საზოგადოებების ხელმძღვანელებს.

III. რეკომენდაცია: “შეიქმნას საჯარო თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების აუდიტის სისტემა.”

ჩვენი კომენტარი: საქართველოში მოქმედებს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების გამჭვირვალე,ელექტრონული სისტემა. მიუხედევად ამისა, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ სისტემის სრულყოფისთვის აუცილებელია დეკლარაციების მონიტორინგის შემოღება, რაც კიდევ უფრო შეამცირებს კორუფციის რისკს საქართველოს საჯარო სამსახურში. საჯარო სამსახურის ბიუროს აუდიტის საკითხთან დაკავშირებით ჩატარებული აქვს კვლევა, რომელიც დახმარებას გაგვიწევს ეფექტური სისტემის შერჩევისას. ჩვენ ასევე მოვამზადეთ კანონპროექტი, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებას შეუწყობს ხელს.

თანდართულ დოკუმენტში იხილეთ საჯარო სამსახურის ბიუროს კომენტარები სრულად

ფაილები
საჯარო სამსახურის ბიუროს კომენტარები
საჯარო სამსახურის ბიუროს კომენტარები
გამოგადგათ ინფორმაცია