HR ფორუმი ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის საკითხებზე
სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 15-16 ივლისს გაიმართა გასვლითი HR ფორუმი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების ადამიანური რესურსების მართვის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები.
ორ-დღიანი ფორუმი დაეთმო ადამიანური რესურსების მართვის აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა: ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგია, სამუშაო ძალის დაგეგმვა და სტატისტიკური მონაცემების გამოყენება, მოხელეთა სამუშაოს მართვა და წარმომადგენლობითი საჯარო სამსახური. ფორუმის განმავლობაში განხილული იყო, როგორც ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის წარმოების საერთაშორისო პრაქტიკები, ასევე, ადგილობრივ დონეზე საქართველოს ცენტრალური საჯარო დაწესებულებების გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით. შეხვედრებს უძღვებოდა ადამიანური რესურსების მართვის ექსპერტი ია წულაია.
HR ფორუმის დასკვნით ნაწილში განისაზღვრა სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროსა და ცენტრალური საჯარო უწყებების ადამიანური რესურსების მართვის სამსახურების ერთობლივი გეგმები და სამომავლო ნაბიჯები არსებული გამოწვევების შესწავლისა და დაძლევის მიზნით.
საჯარო სამსახურის ბიურო მადლობას უხდის გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) ადამიანური რესურსების მართვის სისტემების გაძლიერებაში მხარდაჭერისათვის.