Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ადამიანური რესურსების მართვა

შეფასების სისტემა ქმნის მუშაობის დასავლურ კულტურას - ეკატერინე ქარდავა

icon 24 ივნ 2019

„კარგი მენეჯერის ხელში ჩვენ მიერ დანერგილი შეფასების სისტემა გახლავთ ინსტრუმენტი სწორი და ობიექტური მმართველობის განსახორციელებლად“ - განაცხადა ეკატერინე ქარდავამ დიპლომატიურ სამსახურში შეფასების სისტემისა და მენტორინგის პროგრამის დანერგვის შედეგების პრეზენტაციაზე.

ღონისძიება საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა და ის დიდი ბრიტანეთის „კარგი მმართველობის ფონდის“ მხარდაჭერით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განხორციელებული ტექნიკური დახმარების პროექტის - „სამუშაოს შეფასების სისტემისა და მენტორინგის პროგრამის დანერგვა“ ფარგლებში შედგა.

პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ, საქართველოში დიდი ბრიტანეთს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჯასტინ მაკკენზი სმიტმა და საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ეკატერინე ქარდავამ.

გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს ზოგადად საჯარო სამსახურში შეფასების სისტემის დანერგვის მნიშვნელობას, მომავალში მისი სისტემურად დამკვიდრების აუცილებლობას და როგორც დამსაქმებლის ისე დაქვემდებარებულის ჩართულობის გაზრდას აღნიშნულ პროცესში.

სიტყვით გამოსვლისას საჯარო სამსახურის ხელმძღვანელმა ეკატერინე ქარდავამ აღნიშნა, რომ შეფასების სისტემა არ უნდა იყოს აღქმული, როგორც რაიმე სადამსჯელო მექანიზმი, პირიქით, ეს უნდა გახდეს მოტივატორი დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის და ქვეყნის სამსახურში მათი პროფესიონალიზმისა და მზადყოფნის ერთგვარი ინდიკატორი.

„შეფასების სისტემა ფაქტობრივად ამსხვრევს მენეჯერსა და დაქვემდებარებულს შორის წლობით წარმოქმნილ ყინულს და ქმნის კომუნიკაციას უფროსსა და დაქვემდებარებულს შორის. შესაბამისად, სისტემა ასევე წარმოჩინდა, როგორც მხარეთა შორის სწორი კომუნიკაციის წარმართვის ფორმა, საშუალება უკეთესად გაიცნო თანამშრომელი. ასე ყალიბდება საჯარო სამსახურში მუშაობის დასავლური კულტურა“ - აღნიშნა ეკატერინე ქარდავამ. გამოსვლისას მან ასევე მადლობა გადაუხადა ბრიტანულ მხარეს მხარდაჭერისთვის.

ღონისძიების ფარგლებში შედგა პანელი, სადაც მხარეებმა განიხილეს საჯარო სექტორის ტრანსფორმაციის საკითხი გამჭირვალე, ანგარიშვალდებული და ხარისხზე ორიენტირებული სერვისების დამკვიდრებით.

შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემის ერთიანი მიდგომა საჯარო დაწესებულებებში 2018 წლის პირველი იანვრიდან დაინერგა და შეფასების ციკლი 2018 წლის დეკემბერში დასრულდა.

2018 წელს განხორციელებული შესრულებული სამუშაოს შეფასების შედეგად გამოვლინდა პოზიტიური ცვლილებები, გამოვლინდა გამოწვევები და დაიგეგმა სამომავლო ნაბიჯები შეფასების სრული პროცესის გასაუმჯობესებლად.

გამოგადგათ ინფორმაცია