ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროსა და სსიპ - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის
29 მარტს, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ეკატერინე ქარდავამ და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილმა, ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმი მიზნად ისახავს საჯარო სამსახურის რეფორმის წარმატებით განხორციელებას და საჯარო სამსახურში პროფესიულ საჯარო მოხელეთა ინსტიტუტის დამკვიდრებას, რომელიც ორიენტირებული იქნება ევროპულ ღირებულებებზე, დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოზე.
მემორანდუმის ფარგლებში, საჯარო სამსახურის ბიუროს გადაეცემა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კუთვნილებაში არსებული, საზოგადოების მაღალი ნდობით აღჭურვილი ელექტრონული საგამოცდო სისტემის საწყისი კოდი, რომელიც საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გამოყენებულ იქნება სერთიფიცირების/ტესტირების ჩატარების პროცესში.
საჯარო სამსახურის ბიურო კიდევ ერთხელ მადლობას უხდის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას თანამშრომლობისათვის.