Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
საჯარო სამსახურის რეფორმა

სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომლების ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

icon 16 აპრ 2018

2018 წლის 9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით, სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომლები, გერმანიის საერთშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით და მხარდაჭერით, სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, თემაზე „ფუნქციური და ინსტიტუციური ანალიზის განხორციელება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში“. ბიუროს თანამშრომლებმა შეხვედრები გამართეს ქალაქებში - ბერლინი, დრეზდენი და ლაიპციგი.

 

ბიუროს წარმომადგენლები შეხვდნენ კერძო საკონსულტაციო კომპანიის თანამშრომლებს და საქსონიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, სადაც განხილულ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციული განვითარების საკითხები, საქსონიის ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის გამომწვევი მიზეზები და შედეგები, ასევე, მუნიციპალიტეტების შექმნისა და სხვა მუნიციპალიტეტებთან მათი გაერთიანების პრაქტიკა. მომხსენებლებმა ისაუბრეს დეცენტრალიზაციის და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანიზაციული მართვის სუვერენიტეტის მნიშვნელობის შესახებ. აღნიშნული საკითხის განხილვას დაეთმო შეხვედრები საქსონიის ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების გაერთიანების წარმომადგენლებთან და კონკრეტული მუნიციპალიტეტის - კლიპჰაუზენის - გამგებელთან. გარდა ამისა, ბიუროს თანამშრომლები შეხვდნენ ქალაქ ლაიპციგის მერს, რომელმაც ბიუროს გააცნო სტრატეგიული ხედვა მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების ორგანიზაციული მოწყობის შესახებ.

 

გარდა ამისა, 2018 წლის 10 აპრილს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის წარმომადგენლობის ოფისში, ქალაქ ბერლინში, ბიუროს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს თანამშრომლობის განვითარების რიგით მესამე ქსელურ შეხვედრაზე, სადაც ბიუროს უფროსმა გააკეთა მოხსენება თემაზე: „საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარება“. შეხვედრის ფარგლებში, ბიუროს თანამშრომლებმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნეს საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული მიღწევები.

 

საჯარო სამსახურის ბიურო მადლობას უხდის გერმანიის საერთშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) მხარდაჭერისთვის.

გამოგადგათ ინფორმაცია