საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის პროექტის განხილვა პარლამენტთან
მიმდინარე წლის 24 მარტს, გაიმართა საჯარო სამსახურის რეფორმის ახალი კონცეფციის პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის. შეხვედრის ფარგლებში მოხდა საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის პროექტის წარდგენა და დისკუსია.
საჯარო სამსახურის კონცეფციის პროექტი მომზადდა საქართველოში არსებული რეალობის შეფასების, ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების და აკადემიური სასწავლებლების წარმომადგენლებთან, ასევე, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად. პროექტი ხორციელდება საქართველოს მთავრობის კანცელარიის ინიციატივითა და USAID/დემოკრატიული მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით.
ცნობისათვის, საჯარო სამსახურის რეფორმა 12 კატეგორიას შეეხება. მათ შორისაა საჯარო სამსახურში მიღების წესი და პირობები, საჯარო მოხელეების უფლება-მოვალეობები, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლება, ანაზღაურების სისტემა და თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრა, რანგირება და კლასიფიკაცია, გენდერული თანასწორობა და სხვა. რეფორმის კონცეფციის წინადადებებია, საჯარო მოხელე დაინიშნოს უვადოდ და არა ხელშეკრულებით, რათა კონკრეტული სამსახური მისთვის კარიერული ზრდის თვალსაზრისით, პრიორიტეტული იყოს. ატესტაციის სისტემა შეიცვალოს შეფასების სისტემით და ამის საფუძველზე მოხდეს დაწინაურება და გათავისუფლება.
შეხვედრის ფარგლებში აღინიშნა, რომ საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციას განახორციელებს საჯარო სამსახურის ბიურო, რომელიც გაძლიერდება ინსტიტუციონალურად და აღიჭურვება აღსრულების ძლიერი მექანიზმებით. პროექტის საჯარო განხილვის შემდეგ იგეგმება საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის დასამტკიცებლად მთავრობისთვის წარდგენა. აღნიშნული კონცეფცია საფუძვლად დაედება ახალი საჯარო სამსახურის მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავებასა და შესაბამისი სისტემის მოწესრიგებას საქართველოში.