Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
საჯარო სამსახურის რეფორმა

საჯარო სამსახურის ბიურომ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

icon 01 ოქტ 2019

თბილისში საერთაშორისო კონფერენცია „საჯარო დაწესებულებების ფუნქციური და ინსტიტუციური ანალიზი – რეგიონული პერსპექტივა“ ჩატარდა.

ღონისძიება საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივით, ასტანას საჯარო სამსახურის ჰაბის თანაორგანიზებითა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა. კონფერენცია რეგიონის ქვეყნებში საჯარო მმართველობის გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, გამოწვევებსა და არსებული პრობლემების გადაწყვეტის გზებს მიეძღვნა. მასში მონაწილეობა ჰაბის წევრი ქვეყნების: ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და უკრაინის წარმომადგენლებმა მიიღეს.

მისასალმებელი სიტყვით კონფერენცია საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ გახსნა, რომელმაც ღონისძიების თბილისში ჩატარების თაობაზე ბიუროს ინიციატივის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საერთაშორისო დონორ ორგანიზაცია USAID-ს და ასტანის საჯარო სამსახურის ჰაბის მმართველი კომიტეტის თავმჯდომარეს. ეკატერინე ქარდავას განცხადებით, მსგავსი ტიპის ღონისძეიბები უზრუნველყოფენ მომწვევი და მოწვეული მხარეების მაღალ ჩართულობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო მმართველობის დახვეწისთვის. მისი განმარტებით, ასტანას საჯარო სამსახურის ჰაბი აერთიანებს საერთო წარსული მქონე ქვეყნებს, რომლებიც მსგავსი მმართველობითი პრობლემების დაძლევის წინაშე დგანან და უზრუნველყოფს ქვეყნებს შორის არა მხოლოდ გამოცდილების გაზიარებას, არამედ ურთიერთდახმარების გაწევას. ეკატერინე ქარდავამ განსაკუთრებული ყურადღება თვითმმართველობის დონეზე ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგებასა და საჯარო მმართველობის პრინციპების მისადაგებაზე გაამახვილა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და აშშ–ის საერთაშორიო განვითარების სააგენტოს, დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორმა ლორა ბერგერმა.

სიტყვით გამოვიდნენ ასევე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ტექნიკური დახმარების სამსახურის SIGMA-ს წარმომადგენელი კაიდო პაბასკი, აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, კარგი მმართველობის ინიციატივის ექსპერტი დევიდ სმიტი და მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის წარმომადგენელი ქეთი ცანავა.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ყირგიზეთის რესპუბლიკის საჯარო ადმინისტრირების აკადემიის რექტორი ალმაზბეკ აკმატალიევი, უკრაინის საჯარო სამსახურის ეროვნული სააგენტოს რეგულაციუების და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის წარმომადგენელი ლილია პანენკო, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საგამოცდო ცენტრის თამჯდომარის მოადგილე ბაჰრამ ხალილოვი და ანვარ იულდაშევი – საჯარო მმართველობაში ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესორი, უზბეკეთის რესპუბლიკა.

კონფერენციაზე წარმოდგენილი პრეზენტაციები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე:

კაიდო პაბასკი
ალმაზბეკ აკმატალიევი
ლილია პანენკო
ქეთი ცანავა
ირინა აღაპიშვილი

გამოგადგათ ინფორმაცია