საჯარო მოხელეთა ფორუმის მორიგი შეხვედრა თემაზე „მოხელის უფლებები და გარანტიები“
საჯარო სამსახურის ბიურომ, 24 ივლისს, საჯარო მოხელეთა მორიგ ფორუმს უმასპინძლა დისტანციურ რეჟიმში. ფორუმის თემას წარმოადგენდა „მოხელის უფლებები და გარანტიები“. შეხვედრას საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი, სამართლის დოქტორი, ეკატერინე ქარდავა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სეუ ვიცე-რექტორი, სამართლის დოქტორი, ანა ფირცხალაშვილი უძღვებოდნენ.
ფორუმის მომხსენებლებმა განმარტეს ძირითადი უფლებები და ისაუბრეს საჯარო სამსახურის მარეგულირებელი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოხელეთა უფლებებსა და გარანტიებზე, თანმხლებ ვალდებულებებთან ერთად. ანა ფირცხალაშვილმა ყურადღება გაამახვილა გამოხატვის თავისუფლებასთან და გაფიცვის უფლებასთან დაკავშირებულ ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებზე. მონაწილეებს, ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ სამოხელეო დავებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს.
საჯარო მოხელეთა ფორუმებს ბიურო 2019 წლის დეკემბრიდან მასპინძლობს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პროფესიული საჯარო მოხელეები.
ფორუმის შეხვედრები ტარდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, პროექტის - „საჯარო სამსახურის რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში მმართველობის ახალი გზების დანერგვის ხელშეწყობა“ - ფარგლებში.