Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
საჯარო სამსახურის რეფორმა

საჯარო მოხელეთა ფორუმის მერვე შეხვედრა თემაზე – „შესრულებული სამუშაოს შეფასება“

icon 23 ივნ 2020

საჯარო სამსახურის ბიურომ, 22 ივნისს, საჯარო მოხელეთა რიგით მერვე ფორუმს დისტანციურ რეჟიმში უმასპინძლა. ფორუმის თემას წარმოადგენდა „შესრულებული სამუშაოს შეფასება“. შეხვედრას  ადამიანური კაპიტალის ექსპერტი, HR დირექტორი დეა ჩხაიძე უძღვებოდა.

ისევე როგორც უკანასკნელი 5 ფორუმი, აღნიშნული ვებინარიც ავტორიზებული პლატფორმის მეშვეობით, მონაწილეთა პერსონალური მონაცემების სრული დაცვით წარიმართა.

ფორუმი მისასალმებელი სიტყვით საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ გახსნა, რომელმაც ისაუბრა საჯარო სექტორში შეფასების სისტემის აუცილებლობაზე, მის მიზნობრიობასა და იმ დადებით მხარეებზე, რომლის მომტანიც შეიძლება გახდეს აღნიშნული სისტემის სრულფასოვანი დანერგვა. ეკატერინე ქარდავამ პარალელი გაავლო შეფასების კუთხით კერძო და საჯარო სექტორებში არსებულ ვითარებებს შორის. სიტყვის ბოლოს მან მადლობა გადაუხადა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებს ფორუმის მხარდაჭერისთვის.

ფორუმის მომხსენებელმა მსმენელებს გააცნო შეფასების სისტემის საფუძვლები და მისი არსი. მან ისაუბრა შეფასების სისტემის ეფექტურ სიხშირეებზე, მის მიზნებსა და შეფასების პროცესში კომუნიკაციისა და უკუკავშირის აუცილებლობაზე. დეა ჩხაიძემ ყურადღება გაამახვილა ადამიანის ფიზიოლოგიურ მხარეებზეც და იმ შედეგებზე, რომელიც შეიძლება თან ახლდეს სამუშაო პროცესს. ამ მხრივ მან ხაზი გაუსვა თანამშრომლის წახალისების აუცილებლობას, რომლის ერთ–ერთი მთავარი ინსტრუმენტიც და ინსპირაციაც სწორედ შეფასების სისტემა შეიძლება წარმოადგენდეს.

ფორუმის მეორე ნაწილი კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა, რა დროსაც მონაწილეებს საშუალება მიეცათ,  ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ შეფასების კუთხით მათთვის საინტერესო საკითხებზეც.

საჯარო მოხელეთა ფორუმებს ბიურო 2019 წლის დეკემბრიდან მასპინძლობს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პროფესიული საჯარო მოხელეები.

ფორუმის შეხვედრები ტარდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, პროექტის - „საჯარო სამსახურის რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში მმართველობის ახალი გზების დანერგვის ხელშეწყობა“ - ფარგლებში.

გამოგადგათ ინფორმაცია

მსგავსი გვერდები