Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ზოგადი ინფორმაცია

საჯარო მოხელეთა ფორუმის მეთერთმეტე შეხვედრა თემაზე „დროის მართვა“

icon 27 ივლ 2020

საჯარო სამსახურის ბიურომ, 27 ივლისს, საჯარო მოხელეთა მორიგ ფორუმს უმასპინძლა დისტანციურ რეჟიმში. ფორუმის თემას წარმოადგენდა „დროის მართვა“. შეხვედრას ბიზნეს ტრენერი და NLP ქოუჩი, ქეთი ტყავაძე უძღვებოდა.

ფორუმი გახსნა საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ, რომელმაც აღნიშნა, რომ საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას დროის მართვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მან, ასევე, განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხს საჯარო სამსახურში დისტანციური მუშაობის რეჟიმზე ტრანსფორმაციის პროცესმა მეტი აქტუალურობა შესძინა, როდესაც საჯარო მოხელეებს ახალ რეალობაში უწევთ პროფესიული საქმიანობა.

ფორუმის მომხსენებელმა განმარტა დროის, როგორც განუახლებელი და არადაგროვებადი რესურსის მნიშვნელობა და  მისი მართვის საჭიროება. ქეთი ტყავაძემ ყურადღება გაამახვილა დროის მართვის ხელისშემშლელ ფაქტორებზე და იმ ტექნიკებზე, რომლებიც მუშაობის პროცესში დროის სწორ გადანაწილებას უწყობს ხელს. ამ ტექნიკებს შორის გამოიკვეთა ერთგვაროვანი საქმეების დაჯგუფების, დაგეგმვის და პრიორიტეტების განსაზღვრის აუცილებლობა, რა დროსაც ყურადღება ექცევა კონკრეტული საკითხის მნიშვნელობას და მისი შესრულების დროულობას.

შეხვედრა ინტერაქციული იყო და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაეზიარებინათ თავიანთი გამოცდილება დროის მართვის ტექნიკებზე, რომლებსაც ყოველდღიურ საქმიანობაში იყენებენ. გარდა ამისა, ფორუმის მონაწილეებმა შეასრულეს პრაქტიკული სავარჯიშო, რომლის მიზანიც იყო კონკრეტული ტექნიკების გამოყენებით შესრულებული სამუშაოს ეფექტურობის ზრდის დემონსტრირება.

საჯარო მოხელეთა ფორუმებს ბიურო 2019 წლის დეკემბრიდან მასპინძლობს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პროფესიული საჯარო მოხელეები.

ფორუმის შეხვედრები ტარდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, პროექტის - „საჯარო სამსახურის რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში მმართველობის ახალი გზების დანერგვის ხელშეწყობა“ - ფარგლებში.

გამოგადგათ ინფორმაცია