საჯარო მოხელეთა ფორუმის XX შეხვედრა თემაზე „ადამიანი ბრენდი“
საჯარო სამსახურის ბიურომ, 19 ოქტომბერს, საჯარო მოხელეთა მორიგ ფორუმს უმასპინძლა დისტანციურ რეჟიმში. ფორუმის თემა იყო „ადამიანი ბრენდი“ და შეხვედრას მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო უნივერსიტეტის - „ალტერბრიჯი“ - ასოცირებული პროფესორი და აკადემიური საბჭოს წევრი, თსუ მედიის და ტელეხელოვნების კოლეჯის საწარმო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ალეკო გაბუნია უძღვებოდა.
საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ, შესავალ სიტყვაში ხაზი გაუსვა საჯარო მოხელეთა ფორუმების მნიშვნელობას, რომლის მიზანიცაა მოხელეებს შორის კომუნიკაციის გაღრმავება და აქტუალური თემების განხილვა, რომლებიც უკავშირდება თანამედროვე მმართველობაში არსებულ გამოწვევებს და მოხელეთა პიროვნული განვითარების საკითხებს. ეკატერინე ქარდავამ, ასევე, აღნიშნა, რომ ფორუმებმა მნიშვნელოვნად შეუწყეს ხელი საჯარო სამსახურში ინოვაციური საკითხებისადმი ინტერესს. შესავალი სიტყვის ბოლოს, ბიუროს უფროსმა მადლობა გადაუხადა გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) ფორუმების ორგანიზებისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის.
ფორუმის მომხსენებელმა ისაუბრა საჯარო მოხელის, როგორც ბრენდის ფენომენზე. ასევე, განხილულ საკითხებს შორის იყო კომუნიკაცია, როგორც ფუნდამენტი იმისა, თუ როგორ იქმნება ბრენდი. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ადამიანის თვითიდენტიფიკაციის და თვითშემეცნების მნიშვნელობაზე.
საჯარო მოხელეთა ფორუმებს ბიურო 2019 წლის დეკემბრიდან მასპინძლობს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პროფესიული საჯარო მოხელეები.
ფორუმის შეხვედრები ტარდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, პროექტის - „საჯარო სამსახურის რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში მმართველობის ახალი გზების დანერგვის ხელშეწყობა“ - ფარგლებში.