საჯარო სამსახურის რეფორმა
საქართველოს პრეზიდენტი www.hr.gov.ge –ის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა და საჯარო სამსახურში დასაქმების ვებ–გვერდის, www.hr.gov.ge, მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
მიხეილ სააკაშვილმა ბიზნეს დაჯილდოების ცერემონიალზე, „მერკური 2012“, თავის გამოსვლაში აქცენტი საჯარო სამსახურის სისტემაში დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებზე და ქვეყნის მასშტაბით ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში კონკურსის წესით მიღებაზე გააკეთა.
„პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, ნებისმიერი თანამდებობის შევსება საჯარო სამსახურში, სამინისტროში, სხვა სახელმწიფო უწყებებში და თვითმმართველობაში უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ კონკურსის გზით. იკრძალება დროებით დანიშვნა“.– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
კანონში „საჯარო სამსახურის შესახებ“ ცვლილებების შეტანის შემდგომ პირის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა მოხდება მხოლოდ ერთჯერადად. საჯარო სამსახურში პირის მისაღებად წარმოიშვება კონკურსის ჩატარების აუცილებლობა, რაც მთლიანობაში მოგვცემს ბევრად უფრო გამჭვირვალე და თანასწორ დასაქმების პროცესს.
პრეზიდენტმა დასაქმების პროცესის გამჭვირვალობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, „ყველა კონკურსი ცხადდება ელექტრონულად, www.hr.gov.ge–ზე განთავსებული განცხადებებით, განცხადების მიღება კონკურსზე უნდა მოხდეს ელექტრონული წესით, ასევე ინტერნეტის მეშვეობით. კრიტერიუმი, რომლის საფუძველზეც ხდება გამარჯვებულის გამოვლენა, უნდა იყოს წინასწარ დაგეგმილი და ცნობილი ყველასათვის. დაწინაურება საჯარო სამსახურში უნდა ხდებოდეს თანაბარი და სამართლიანი კონკურენციის პირობებში.“
საჯარო სამსახურში ხსენებული ცვლილებებით, საქართველო რეგიონში ინოვატორი ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს.
გამოგადგათ ინფორმაცია