მოხელის დღე
19 დეკემბერს, საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივით ღონისძიება „მოხელის დღე“ გაიმართა. ღონისძიებას დაესწრო საქართველოს მთავრობის, ცენტრალური და ადგილობრივი საჯარო დაწესებულებების, ასევე, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების 200-მდე წარმომადგენელი.
ღონისძიება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ქალბატონმა მაია ცქიტიშვილმა გახსნა. ვიცე-პრემიერმა რეფორმის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს და რეფორმის პროცესში განსაკუთრებული ხაზი გაუსვა საჯარო სამსახურის ბიუროს როლს.
„ჩვენი საერთო ამოცანა, მთლიანად ახალი ხელისუფლების, ისევე როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების იყო ის, რომ შეგვექმნა ისეთი სისტემა, რომელიც იქნებოდა სტაბილური, მდგრადი და რა თქმა უნდა, პროფესიულ და კარიერულ განვითარებაზე ორიენტირებული საჯარო სამსახური, ნაცვლად არასტაბილური სამსახურისა, რომელიც პოლიტიკურ ცვლილებებთან ერთად შეიცვლებოდა. ჩვენ მივიღეთ ახალი კანონი, შევიმუშავეთ ძალიან ბევრი საჭირო რეგულაცია, შემოვიღეთ ახალი სტანდარტები, დღეს უკვე, ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა საჯარო სამსახურში. ძალიან ბევრი ის მიდგომა, რომელიც დაინერგა და ამ მიდგომებმა გაამართლა” - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, ბატონმა კარლ ჰარცელმა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ქალბატონმა ლუიზა ვინტონმა. კარლ ჰარცელის განცხადებით, კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, ძალაში მხოლოდ 2 წლის წინ შევიდა, თუმცა მისი განხორციელების პირველივე წლებში უკვე სახეზეა კონკრეტული, ხელშესახები შედეგები.
“როგორც თქვენი კოლეგა და საჯარო მოხელე, გულწრფელად გილოცავთ ყველას საჯარო სამსახურის დღეს. ასევე აღვნიშნავ საჯარო სამსახურის სფეროში და შესაბამისად, საქართველოს, როგორც თანამედროვე სახელმწიფოს, მშენებლობაში თქვენს მიერ შეტანილ პროფესიულ წვლილს.“ - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.
საჯარო სამსახურის წარმატებული ფუნქციონირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა. ლუიზა ვინტონის შეფასებით, UNDP ამაყობს იმით, რომ პირველივე დღიდან მხარს უჭერდა რეფორმას.
„ ცხადია, რომ საზოგადოება ძალიან კმაყოფილია საჯარო მომსახურების ხარისხით, რაც ძალიან სასიხარულოა. ზოგჯერ სასურველია, რომ კარგი მაგალითი უფრო ფართოდ გამოჩნდეს და გავრცელდეს გეოგრაფიულად, სხვადასხვა საჯარო სამსახურში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში საერთო სურათი ძალიან პოზიტიურია“, - აღნიშნა ლუიზა ვინტონმა.
საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ქალბატონმა ეკატერინე ქარდავამ სიტყვით გამოსვლისას მიმოიხილა რეფორმის დაწყებიდან დღემდე განვლილი გზა და შეაფასა მიღწეული შედეგები. „ქვეყნის პრიორიტეტია, რომ ყველა დონეზე, იქნება ეს ცენტრალური თუ თვითმმართველობის საჯარო დაწესებულებები, ერთნაირი სტანდარტის პროფესიონალი საჯარო მოხელეები გვყავდეს და შესაბამისად ხელს ვუწყობთ ახალი მექანიზმების და სამართლებრივი ჩარჩოთი ამ ყველაფრის დამკვიდრებას ჩვენს ქვეყანაში, როგორიც ამ 5 წლის განმავლობაში ახალი კანონმდებლობის სახით შეიქმნა“,- განაცხადა ეკატერინე ქარდავამ.
ღონისძიება, რომლის მთავარი გზავნილი იყო „სახელმწიფოს განვითარების გზა საჯარო მოხელის პროფესიონალიზმზე გადის“ სრულად დაეთმო მოხელის პროფესიული საქმიანობის მნიშვნელობის და საჯარო სამსახურის განვითარებაში მისი როლის წარმოჩენას.
გაიმართა პრეზენტაცია საჯარო სამსახურის რეფორმის პროცესში პროფესიული საჯარო მოხელის განვითარებისა და პროფესიონალიზმის წახალისების მიზნით გადადგმული ნაბიჯებისა და სამომავლო გამოწვევების შესახებ. ასევე, გაიმართა მოდერირებული პანელური სესია: „მოხელის განვითარება - პროფესიული საქმიანობისა და პირადი ცხოვრების ბალანსი“, რომლის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს საჯარო სამსახურის სამომავლო ხედვებზე, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. ასევე, ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საჯარო მოხელეების ნამუშევრების გამოფენა.
ღონისძიება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK-aid-ისა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა.