მენტორინგის გზით შეფასებისა და პროფესიული განვითარების სისტემის გაუმჯობესება
მენტორინგის გზით შეფასებისა და პროფესიული განვითარების სისტემების დახვეწის პროექტის შეჯამება შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონის 12 მუნიციპალიტეტში და ამავე პროექტის გახსნა სამცხე ჯავახეთის 6 მუნიციპალიტეტსა და რაჭა-ლეჩხუმ - ქვემო სვანეთის 2 მუნიციპალიტეტში
2023 წლის 30 ივნისს, გაიმართა შეხვედრა, სადაც შეჯამდა შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონის 12 მუნიციპალიტეტში მენტორინგის გზით შეფასებისა და პროფესიული განვითარების სისტემების დახვეწის პროექტი და დაანონსდა, ამავე პროექტის გახსნა სამცხე ჯავახეთის 6 მუნიციპალიტეტსა და რაჭა-ლეჩხუმ - ქვემო სვანეთის 2 მუნიციპალიტეტში
პროექტის მიზანია ადამიანური რესურსების მართვის სისტემის გაუმჯობესება ადგილობრივ დონეზე. ასევე, მოხელის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემის გაუმჯობესება, კახეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონების მუნიციპალიტეტებში.
ღონისძიების მონაწილეებს მიმართეს სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, თეიმურაზ ჩიხრაძემ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - „დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ შესაძლებლობების გაძლიერების ექსპერტმა, ანა ქებაძემ და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა.
განხორციელებული აქტივობების, მიღწევების, გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გვანცა ბესელიამ.
პროექტის ფარგლებში საქართველოს ცენტრალური საჯარო დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები (მენტორები), შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოების ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე პასუხისმგებელ პირებთან აქტიურად მუშაობდნენ მოხელეთა შეფასების მეთოდოლოგიისა და შეფასების პროცესის დახვეწისა და განვითარების კუთხით. ამასთანავე, შესრულების მართვისა და შეფასების საკითხებზე გადამზადდა 140-ზე მეტი პირველადი და მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირი.
აღნიშნული პროექტი კვლავ გრძელდება და ამჯერად, პროექტის ფარგლებში, სამცხე ჯავახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტსა და რაჭა-ლეჩხუმ - ქვემო სვანეთის 2 მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე პასუხისმგებელ პირებს მეთოდურ დახმარებას გაუწევენ საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარმომადგენლები (მენტორები). ასევე, დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები და ტრენინგები ადგილობრივი თვითმმართველობების სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებისთვის და სახელმძღვანელო დოკუმენტების შექმნა.
პროექტი ხორციელდება სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტის „დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში" ფარგლებში.