მენტორინგის გზით შეფასებისა და პროფესიული განვითარების სისტემების დახვეწა შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონის 12 მუნიციპალიტეტში
2023 წლის 20 თებერვალს, 11:00 საათზე, გაიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობის პროექტის გახსნის ღონისძიება.
პროექტის მიზანია ადამიანური რესურსების მართვის სისტემის გაუმჯობესება ადგილობრივ დონეზე. ასევე, მოხელის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემის გაუმჯობესება, კახეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონების მუნიციპალიტეტებში.
ღონისძიების გახსნით ნაწილში მონაწილეებს მიმართეს სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, თეიმურაზ ჩიხრაძემ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - „დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ შესაძლებლობების გაძლიერების ექსპერტმა, ანა ქებაძემ და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა.
პროექტის ფარგლებში, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონის თითოეული მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე პასუხისმგებელ პირებს მეთოდურ დახმარებას გაუწევენ საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარმომადგენლები (მენტორები). ასევე, დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები და ტრენინგები ადგილობრივი თვითმმართველობების სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებისთვის და სახელმძღვანელო დოკუმენტების შექმნა.
შეხვედრას ესწრებოდნენ შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირები და ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარმომადგენლები, ასევე პროექტში ჩართული მენტორები.
პროექტი ხორციელდება სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტის „დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში" ფარგლებში.