ელექტრონული მმართველობის საკითხებში 150 საჯარო მოხელე გადამზადდა
საჯარო სამსახურის ბიურომ და საქართველოს მთავრობის კანცელარიამ, ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის – „ელექტრონული მმართველობის ხელშეწყობა საქართველოში“ – ფარგლებში სერტიფიკატები გადასცა 150 საჯარო მოხელეს, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს ტრენინგ კურსი - „ელექტრონული მმართველობის საკითხებზე“.
პროექტის ფარგლებში გადამზადდა 150 საჯარო მოსამსახურე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან ელექტრონულ მმართველობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ტრენინგს უძღვებოდნენ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტები, რომელთაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება ელექტრონულ მმართველობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ელექტრონული მმართველობის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:
• ეთიკა ელექტრონულ მმართველობაში და პერსონალურ მონაცემთა დაცვა;
• ელექტრონული მმართველობის სტრატეგიის ფორმულირება და პროექტების მართვა;
• ინფორმაციის თავისუფლება და ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება.
სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიალს დაესწრნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ბორის იაროშევიჩი; ევროკავშირის ელექტრონული მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი - ფილიპ ბერნარდი და საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ირაკლი კოტეტიშვილი. ირაკლი კოტეტიშვილმა ხაზი გაუსვა ტრენინგების მნიშვნელობას საქართველოში ელექტრონული მმართველობის განვითარებისთვის. ბორის იაროშევიჩმა აღნიშნა, რომ: “ელექტრონული მმართველობის განვითარება კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობისთვის, რომლებიც მუშაობენ ინფორმაციის თავისუფლებისა და მონაცემთა დაცვის საკითხებზე.”
შეგახსენებთ, რომ 2009 წლიდან საჯარო სამსახურის ბიურო აქტიურად მუშაობს ელექტრონული მმართველობის განვითარების კუთხით და საჯარო სამსახურის სფეროში ამ მიმართულებით რამდენიმე წარმატებულ პროექტს ახორციელებს: საჯარო სამსახურში კონკურსების ვებ–პლატფორმა (www.hr.gov.ge); თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ელექტრონული სისტემა (www.declaration.gov.ge). ქონებრივი დეკლარაციების სისტემამ 2013 წელს მიიღო გაეროს პრესტიჟული ჯილდო ნომინაციაში: კორუფციის პრევენცია და დამარცხება.
საჯარო სამსახურის ბიურო მომავალშიც განაგრძობს საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების ორგანიზებას, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს საჯარო სამსახურს და ხელს შეუწყობს საქართველოში ეფექტური ელექტრონული მმართველობის დანერგვას.