დისტანციური მუშაობა საჯარო სამსახურში - ლიეტუვას გამოცდილების გაზიარება ბიუროს მენეჯმენტისთვის
ქვეყანაში კორონა ვირუსის (COVID-19) პანდემიის შედეგად შექმნილი ახალი რეალობის პირობებში გამოვლენილ საჭიროებებზე საპასუხოდ, საჯარო სამსახურის ბიურო და ლიეტუველი პარტნიორები აქტიურად აგრძელებენ თანამშრომლობას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის ფარგლებში.
ლიეტუველმა ექსპერტებმა, დისტანციურ რეჟიმში ჩატარებული პრეზენტაციისა და დისკუსიის ფორმატში, თავიანთი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს საჯარო სამსახურის ბიუროს მენეჯმენტს საჯარო სამსახურში დისტანციურ მუშაობასა და შესაბამისი პლატფორმების ეფექტურ გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. კერძოდ, ექსპერტებმა ისაუბრეს დისტანციური მუშაობის ძირითად პრინციპებზე, მის დადებით და უარყოფით მხარეებზე, მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, ასევე, სამართლებრივი რეგულირების საკითხებზე, ტექნიკურ შესაძლებლობებსა და ინფორმაციული უსაფრთხოების პროცედურებზე.
აღსანიშნავია, რომ დაძმობილების პროექტის ფარგლებში, ლიეტუველმა ექსპერტებმა შეიმუშავეს სახელმძღვანელო, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი დისტანციური მუშაობის სხვადასხვა ასპექტი და ამასთანავე, წარმოდგენილია ლიეტუვას და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკები.