„აღმოსავლეთ პარტნიორობის” მრავალმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში „საჯარო ადმინისტრირების რეფორმის” პანელის მეშვიდე შეხვედრა გაიმართა
16 ოქტომბერს, საჯარო სამსახურის ბიუროსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მრავალმხრივი თანამშრომლობის I პლატფორმის – "დემოკრატია, კარგი მმართველობა და სტაბილურობა" ფარგლებში "საჯარო ადმინისტრირების რეფორმის" პანელის მეშვიდე შეხვედრა გაიმართა.
პანელის მუშაობაში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების – აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვას რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთის, უკრაინის შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და ასევე, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა "საჯარო ადმინისტრირების რეფორმის" პანელის სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები და განისაზღვრა სამომავლო ნაბიჯები. საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ეკატერინე ქარდავამ ისაუბრა საქართველოში მიმდინარე საჯარო სამსახურის რეფორმის შესახებ, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობისათვის ეფექტური და გამჭვირვალე მექანიზმების შექმნას ისახავს მიზნად.
"აღმოსავლეთ პარტნიორობა" ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და მათი აღმოსავლეთ მეზობელი ქვეყნების ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას. "აღმოსავლეთ პარტნიორობა" დამატებით შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციისა და მხარეებს შორის პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების მიმართულებით.