HR ფორუმი
სსიპ - საჯარო სამსხურის ბიუროს ინიციატივითა და NATO - საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 22 და 23 მარტს გაიმართა HR ფორუმი, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები.
ფორუმზე განხილული იყო პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების სისტემასთან და სამუშაოს აღწერილობებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები: შეფასების სიტემის ვადები, ეტაპები, გამოსაცდელი ვადით შეფასების სპეციფიკა, სამუშაოს აღწერილობების მნიშვნელობა და საჭიროებები.
HR ფორუმზე მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია, რომ საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივითა და GIZ-ის პროგრამის "ადგილობრივი თვითმმართველობა სამხრეთ კავკასიაში" ორგანიზებით იგეგმება პროექტის განხორციელება შეფასების სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით. პროექტი მოიცავს 6 რეგიონის მუნიციპალიტეტებსა და სამხარეო ადმინისტრაციას: კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი და აჭარა. პროექტის ფარგლებში ექსპერტები მეთოდურ დახმარებას გაუწევენ ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებსა და მენეჯერებს.
საჯარო სამსახურის ბიურო მადლობას უხდის NATO - საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამას (PDP) მხარდაჭერისათვის.