HR ფორუმი - ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში არსებული გამოწვევების დაძლევის საუკეთესო ინსტრუმენტი
საჯარო სამსახურის ბიურომ საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის - UNDP-ის მხარდაჭერით მორიგ HR ფორუმს უმასპინძლა.
ორდღიან გასვლით ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მენეჯერები და წარმომადგენები.
ამჯერად, მიმდინარე ფორუმზე განხილვის ძირითად თემებს წარმოადგენდა შეფასების სისტემა. მხარეებმა ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რა ძირითადი გამოწვევების წინაშე დგანან საჯარო დაწესებულები და როგორია სამომავლო ხედვები.
ფორუმზე ხაზი გაესვა საჯარო სამსახურში პროფესიული განვითარების აქტუალურ საკითხებს, მათ შორის: პროფესიული სწავლების სფეროში მიმდინარე ცვლილებებს, საჭიროებების მიხედვით გამოვლენილ თემატიკაზე სხვადასხვა სახის ტრენინგების გამართვის აუცილებლობას და სახელმწიფო უწყებებს შორის ჰორიზონტალურ სიბრტყეში გამოცდილების გაზიარების აუცილებლობას.
შეხვედრაზე განხილული იყო ასევე ბიუროს მიერ საჯარო დაწესებულებებისათვის დამატებითი მეთოდური დახმარების საკითხი და ამ მიმართულებით ბიუროს მიერ შემუშავებული სამომავლო გეგმები.
ღონისძიების მსვლელობისას, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებმა მოწვეულ სპეციალისტებს რამდენიმე პრეზენტაცია წარუდგინეს, მათ შორის: შეფასების თემაზე საჯარო მოხელეების დამოკიდებულების კვლევის შედეგები; პროფესიული სწავლების საკითხებზე საჯარო მოხელეების დამოკიდებულების კვლევის შედეგები და საჯარო მოხელეთა მოტივაციის საკითხებზე საჯარო მოხელეების დამოკიდებულების კვლევის შედეგები.
აღსანიშნავია, რომ საჯარო სამსახურის ბიურო, პარტნიორი დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, პერმანენტულად მასპინძლობს აღნიშნული ტიპის ფორუმებს, სადაც ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლების გარდა, მოწვეულნი არიან ასევე ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების წარმომადგენლებიც. ფორუმებზე განიხილება და ვლინდება სხვადასხვა პრობლემური თუ აქტუალური საკითხი და იგეგმება არსებული გამოწვევების დაძლევის გზები.