ქართული კანონმდებლობა ითვალისწინებს ევროპულ პრინციპებს
ლიეტუველმა ექსპერტმა ევროკავშირის კანონმდებლობის საკითხებში, ლიეტუვის მთავრობის კანცელარიის უფროსმა მრჩევლმა, დეივიდას კრიაჩიუნასმა შეხვედრა გამართა საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომლებთან.
შეხვედრაზე ექსპერტმა ბიუროს თანამშრომლებს გააცნო ლიეტუვისა და ევროკავშირის წევრი ცალკეული ქვეყნების საკანონმდებლო გამოცდილება საჯარო სამსახურის მიმართულებით.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნების ადგილობრივი კანონმდებლობების ჰარმონიზაციის საკითხზე ევროკავშირის საკანონმდებლო სივრცესთან და ევროკავშირის რეგულაციების გავლენაზე ქვეყნებში მიმდინარე პროცესებზე.
ექსპერტმა ისაუბრა ევროკავშირში გაწევრიანებამდე აღმოსავლეთ ევროპულ სახელმწიფოებსა და ევროკომისიას შორის თანამშრომლობაზე საჯარო სამსახურის სფეროში ჰარმონიზაციის პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის.
შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს დიდი პროგრესი და წინ გადადგმული ნაბიჯები საჯარო სამსახურის რეფორმის გატარების პროცესში. ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ამ ეტაპზე ქართული კანონმდებლობა ამ კუთხით ითვალისწინებს ევროპულ პრინციპებს.
ტრენინგი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის ფარგლებში ჩატარდა. საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი 2018 წლიდან მიმდინარეობს საჯარო სამსახურის ბიუროსა და ლიეტუვას რესპუბლიკის სამთავრობო უწყებებს შორის.
პროექტის მიზანია საჯარო სამსახურის ბიუროს ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმის ეფექტური განხორციელების ხელშეწყობის მიზნით.