Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ზოგადი ინფორმაცია

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

icon 01 ოქტ 2020

საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ ვაჰაგ მურადიანმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელმა გოჩა ლორთქიფანიძემ, 25 სექტემბერს ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანს საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პირების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსების, თანამდებობრივი / სამსახურებრივი მდგომარეობის არამართლზომიერად გამოყენების შესახებ და წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების, მასში მონაწილეობის წესების დარღვევის პრევენციის  უზრუნველსაყოფად.

მემორანდუმით გათვალისწინებულია დისტანციური Ⴑაინფორმაციო-სასწავლო კურსის „საარჩევნო კამპანია და ადმინისტრაციული რესურსი - საარჩევნო პროცესებში ადმინისტრაციული რესურსის არამართლზომიერად გამოყენების პრევენცია და რეაგირება დარღვევებზე“ განხორციელების ხელშეწყობა. აღნიშნული კურსი შემუშავებულია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობით, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ და იგი განკუთვნილია საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის, აგრეთვე საარჩევნო საკითხებით დაინტერესებული სხვა პირებისთვის.

საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ ხაზი გაუსვა მითითებული დისტანციური კურსის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მისი შემუშავება დროული და წინგადადგმული ნაბიჯი იყო, საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში იმ მნიშვნელოვანი მიღწევების ცხოვრებაში გატარების ხელშეწყობისთვის, რასაც პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება და მაღალი ორგანიზაციული კულტურის ეთიკურ პრინციპებზე დამყარებული  საჯარო სამსახური ნიშნავს.

საინფორმაციო-სასწავლო კურსის „საარჩევნო კამპანია და ადმინისტრაციული რესურსი - საარჩევნო პროცესებში ადმინისტრაციული რესურსის არამართლზომიერად გამოყენების პრევენცია და რეაგირება დარღვევებზე“ გავლა შესაძლებელია მოცემულ ბმულზე გადასვლით.  გარდა ამისა, საჯარო სამსახურის ბიურო უზრუნველყოფს აღნიშნული კურსის გაგზავნას საჯარო დაწესებულებებისათვის.  

 

გამოგადგათ ინფორმაცია