ტრენინგები მართვისა და ლიდერობის საკითხებზე
საჯარო სამსახურის ბიურო აგრძელებს ტრენინგების ჩატარებას საჯარო სამსახურში მართვისა და ლიდერობის საკითხებზე, რომელიც განკუთვნილია სამინისტროებში მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებული პროფესიული საჯარო მოხელეებისათვის. შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ტრენინგები ამჯერად დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. აღნიშნულ თემატიკაზე მიმდინარე წლის ივნისის განმავლობაში უკვე ოთხი ტრენინგი ჩატარდა და მომავალშიც იგეგმება საჯარო სამსახურში მმართველობით პოზიციებზე დასაქმებულთა გადამზადება.
ტრენინგი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა კარგი ლიდერობა და მართვა, ორგანიზაციის მუშაობის შეფასება, პროცესების ანალიზი, სტრატეგიული დაგეგმვა და სტუქტურული მოწყობის ძირითადი პრინციპები, ასევე, სამუშაოს ოპტიმიზაციის შესაძლებლობები, დაწესებულებაში გამოწვევების გამოვლენა და მათი დაძლევის გზები.
ტრენინგის მონაწილეები ინტერაქტიულ ფორმატში ეცნობიან მართვისა და ლიდერობის საკითხებთან დაკავშირებულ საუკეთესო პრაქტიკას, ასრულებენ შესაბამის სავარჯიშოებს, ასევე, ერთმანეთს უზიარებენ მნიშვნელოვან გამოცდილებას.
ტრენინგები ტარდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, პროექტის - „საჯარო სამსახურის რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში მმართველობის ახალი გზების დანერგვის ხელშეწყობა“ - ფარგლებში.