„საჯარო სამსახურის შესახებ“კანონპროექტის განხილვა
20 ივლისს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტებმა გაერთიანებულ საკომიტეტო სხდომაზე "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი პირველი მოსმენით განიხილეს. საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ დეპუტატებს აღნიშნული კანონპროექტი გააცნო.
ეკატერინე ქარდავას განცხადებით: " კანონპროექტი საჯარო სამსახურის ფარგლებს ახლებურად არეგულირებს, საჯარო მოსამსახურეთა ცნებებს და კატეგორიებს აკონკრეტებს, განსაზღვრავს საჯარო სამსახურში მიღების, დაწინაურების, კვალიფიკაციის ამაღლების და შეფასების სისტემების შექმნის პრინციპებს. იგი ქმნის მყარ სამართლებლივ საფუძველს და აკონკრეტებს დისციპლინური წარმოების სამართლიან მექანიზმს." მისივე განცხადებით, საკანონმდებლო სიახლე მიზნად ისახავს კარიერულ პრინციპზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის სისტემისა და პროფესიული საჯარო მოხელის ინსტიტუტის ჩამოყალიბებას.
ქალბატონი ეკატერინეს მოხსენების შემდეგ, კომიტეტების გაერთიანებული სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და კენჭისყრისას კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს, კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.
"საჯარო სამსახურის შესახებ" ახალი კანონის ამოქმედება 2017 წლის 1-ლი იანვრიდან არის დაგეგმილი.