Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
საჯარო სამსახურის რეფორმა

საჯარო სამსახურის კვირეული

icon 05 ივლ 2022

2022 წლის 20-24 ივნისის პერიოდში, საჯარო სამსახურის ბიურომ საჯარო სამსახურის კვირეული გამართა. კვირეულის ფარგლებში ორგანიზებული ღონისძიებები მიეძღვნა საჯარო სამსახურისთვის აქტუალურ სხვადასხვა თემატიკას და მათში მონაწილეობა მიიღეს ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულმა საჯარო მოხელეებმა, ასევე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აკადემიური სექტორის წარმომადგენლებმა.

კვირეული 20 ივნისს, ელექტრონული მმართველობის შესახებ საერთაშორისო კონფერენციით გაიხსნა. უცხოელი სტუმრები გაეცნენ ინოვაციური მიდგომების დანერგვისა და სერვისების გაციფრების კუთხით საქართველოს გამოცდილებას და ესტუმრნენ ციფრული მმართველობისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოებს.

21 ივნისს ჩატარებული სემინარი საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის შემუშავების საკითხებს შეეხებოდა. ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივმა ექსპერტებმა ჩაატარეს თემატური სემინარი სტრატეგიული ადამიანური რესურსების მართვის, HR პროცესების სიტუაციური ანალიზისა და ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით კვლევების შემუშავების თემატიკაზე.

22 ივნისს ჩატარებული ღონისძიება საჯარო სამსახურში კეთილსინდისიერებისა და ანტიკორუფციული მექანიზმების შესახებ პანელური დისკუსიების ფორმატში წარიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს როგორც საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა, ასევე საჯარო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ღონისძიების ფარგლებში მოხდა საჯარო სამსახურში კეთილსინდისიერების შესახებ კვლევის შედეგების წარდგენა და გაიმართა სახელმძღვანელოების – „კეთილსინდისიერება საჯარო სამსახურში: კორუფციული სამართალდარღვევა, ინტერესთა კონფლიქტი და თანამდებობრივი შეუთავსებლობა“ და „ციფრული უსაფრთხოების პრაქტიკული სახელმძღვანელო საჯარო მოხელეებისთვის“ – პრეზენტაცია.

23 ივნისს გაეროს საჯარო სამსახურის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა, რომელიც საერთაშორისოდ აღინიშნება. კვირეულის დასკვნითი ღონისძიება 24 ივნისს ჩატარდა თემაზე: „მრავალფეროვანი სამუშაო ძალის მოზიდვა და თანასწორი სამუშაო გარემოს ფორმირება საჯარო სამსახურში“. მომხსენებლებმა საჯარო და კერძო სექტორიდან ფოკუსირებული დისკუსიების ფორმატში ისაუბრეს მრავალფეროვნებისა და წარმომადგენლობითი სამუშაო სივრცის ფორმირების მნიშვნელობის შესახებ და მონაწილეებს გაუზიარეს პრაქტიკული გამოცდილება.

კვირეულის დასასრულს, ასევე გაიმართა პარალელური ღონისძიება – „პროფესიული საჯარო სამსახური და პროფესიული განათლება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“. ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებმაც გამოცდილება გაუზიარეს კონფერენციის მონაწილეებს.

კვირეულის ფარგლებში, გამოფენის სახით, წარმოდგენილ იქნა რეფორმის ფარგლებში განხორციელებული სიახლეების ამსახველი დოკუმენტები, სახელმძღვანელოები და სხვა პუბლიკაციები.

საჯარო სამსახურის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ციკლის გამართვაში, ქართულ მხარესთან ერთად, აღსანიშნავია დარგის ექსპერტებისა და პარტნიორი ორგანიზაციების წვლილი.

გამოგადგათ ინფორმაცია