საჯარო სამსახურის ბიუროსა და გაეროს განვითარების პროგრამას ( UNDP) შორის ორი საგრანტო შეთანხმება გაფორმდა
2023 წლის 9 თებერვალს საჯარო სამსახურის ბიუროსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის ორი საგრანტო შეთანხმება გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე საჯარო სამსახურის მხარდამჭერი ინიციატივების განხორციელებას. შეთანხმებებს ხელი გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა, ნიკ ბერესფორდმა და საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა, თეიმურაზ ჩიხრაძემ მოაწერეს.
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში, საჯარო სამსახურის ბიურო განახორციელებს პროექტს - „მომავალზე ორიენტირებული საჯარო სამსახურის მდგრადობის გაძლიერება ხელმისაწვდომობის, კეთილსინდისიერებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების მხარდაჭერის გზით“, რომელიც ორიენტირებული იქნება ცენტრალური საჯარო დაწესებულებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ეფექტიანობის ამაღლებასა და საჯარო მოსამსახურეთა შესაძლებლობების გაძლიერებაზე, ბიუროს მიერ მონაცემების შეგროვების პროცესის დახვეწაზე, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გაცემული რეკომენდაციების მონიტორინგსა და საჯარო მოხელეებს შორის კომუნიკაციისა და კოორდინაციის გაძლიერებაზე, საჯარო დაწესებულებებში რეფორმის თანმიმდევრული განხორციელების უზრუნველსაყოფად.
დანიის სამეფოს ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა საჯარო სამსახურში ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე“ ფარგლებში, საჯარო სამსახურის ბიურო უზრუნველყოფს ადგილობრივ დონეზე პროფესიული განვითარების სისტემის დახვეწას, სწავლების მრავალფეროვანი მეთოდების დანერგვას, საჯარო სამსახურის რეფორმის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმების გაძლიერებას. ასევე, ხელი შეეწყობა ადამიანური რესურსების მართვის სისტემის გაუმჯობესებას კახეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონების 20 მუნიციპალიტეტში.