საჯარო სამსახურის ბიურომ ფოკუს ჯგუფთან გამართა შეხვედრა
საჯარო სამსახურის ბიურომ ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების თანამშრომლებისგან შემდგარ ფოკუს ჯგუფს უმასპინძლა.
ფოკუს ჯგუფი მეორედ იქნა მოწვეული და ის ინოვაციური პროექტის - „საჯარო სამსახურის რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში მმართველობის ახალი გზების დანერგვის ხელშეწყობა“ ფარგლებში განხორციელდა.
ხსენებული პროექტი საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით განხორციელდება. მის ფარგლებში გაიმართება მოხელეთა შეხვედრების ციკლი, რა დროსაც, თავისუფალ გარემოში, სხვადასხვა სფეროში ცნობილ სპეციალისტებთან ერთად, პრაქტიკის გაზიარების მეშვეობით წარიმართება დისკუსიები საჯარო სამსახურთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემურ საკითხზე, არსებულ გამოწვევებსა და მათი ეფექტიანად გადაჭრის შესაძლო გზებზე. შესაბამისად, საჯარო მოხელეებს მიეცემათ შესაძლებლობა განავითარონ საკუთარი პროფესიული შესაძლებლობები, მიიღონ შესაბამისი ცოდნა, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება, გაითავისონ საერთო ღირებულებები და შეიმუშავონ გუნდური მუშაობის პრინციპები.
გასულ კვირას მოწვეული ფოკუს ჯგუფის მსგავსად, პროექტის გუნდმა შეხვედრაში მონაწილე სტუმრებს გააცნო პროექტის იდეა და კონცეფცია. კიდევ ერთხელ გადაიხედა და შემუშავდა ის აქტუალური თემები, რომელთა გარშემოც დაიგეგმება შეხვედრების ციკლი და სადაც ჩაერთვებიან ზემოხსენებულ უწყებებში დასაქმებული პროფესიული საჯარო მოხელეები. გამოკვეთილი საორიენტაციო თემატიკიდან, სამომავლოდ შეირჩევა ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი.