Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ზოგადი ინფორმაცია

საჯარო სამსახურის ბიურომ საჯარო მოხელეთა ორ ფორუმს უმასპინძლა

icon 08 დეკ 2020

საჯარო სამსახურის ბიურო უერთდება საქართველოს მთავრობის ყოველწლიურ 16 დღიან კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე.  პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან, მათ შორის, სექსუალური შევიწროების ფორმებთან ბრძოლა, ასევე, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა, სახელმწიფოსთვის კვლავაც პრიორიტეტად რჩება. კამპანიის ფარგლებში, გაიმართა მოხელეთა ორი ფორუმი - „სექსუალური შევიწროების დეფინიცია და რეაგირების გზები“ და „გენდერიზებული საჯარო სამსახური“.

პირველი ფორუმის ფარგლებში, მომხსენებლები იყვნენ საჯარო მოხელეები, კერძოდ, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ქეთი შუბაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მაკა ფერაძე. სპიკერებმა განიხილეს საჯარო და კერძო სივრცეში, მათ შორის სამუშაო ადგილზე, სექსუალური შევიწროების კონკრეტული მაგალითები, ფორმები და ის პრაქტიკული სირთულეები, რომელიც ახლავს შევიწროების ფაქტის გამოვლენას, გამოძიებასა თუ პრევენციას. მეორე ფორუმის ფარგლებში, გენდერის სოციოლოგმა, გიორგი ურჩუხიშვილმა, ისაუბრა თუ როგორ მიმდინარეობს საჯარო სამსახურში და ზოგადად, სამუშაო სივრცეში გენდერიზაციის პროცესი.

ფორუმები გახსნა საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ეკატერინე ქარდავამ, რომელიც ასევე, არის გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის წევრი. მან მადლობა გადაუხადა საბჭოს, ადამიანის უფლებათა სამდივნოს და გენდერულ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, ქალთა უფლებების დაცვის კუთხით განხორციელებული და დაგეგმილი არაერთი საინტერესო და სასარგებლო ღონისძიებისათვის.

მოხელეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა გენდერულ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ლელა აქიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ და ხაზი გაუსვა სექსუალური შევიწროებისა და გენდერული თანასწორობის საკითხების სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულობას.

გამოგადგათ ინფორმაცია