Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
საჯარო სამსახურის რეფორმა

საჯარო მოხელეთა ფორუმის მეცხრე შეხვედრა თემაზე – „კლიმატის კრიზისი და მწვანე საჯარო სამსახური“

icon 29 ივნ 2020

საჯარო სამსახურის ბიურომ, 29 ივნისს, საჯარო მოხელეთა რიგით მეცხრე ფორუმს დისტანციურ რეჟიმში უმასპინძლა. ფორუმის თემას წარმოადგენდა „კლიმატის კრიზისი და მწვანე საჯარო სამსახური“. შეხვედრას საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელი, ლაშა ნაკაშიძე უძღვებოდა.

ფორუმის მონაწილეებს გახსნითი სიტყვით საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ მიმართა. მან აღნიშნა, რომ სასურველია საჯარო მოხელე იყოს პირველი, ვინც უზრუნველყოფს გარემოსა და ეკოლოგიის დაცვას; საჯარო სამსახური უნდა გახდეს მაგალითის მიმცემი მწვანე სამუშაო გარემოს შექმნისა და მუშაობის პროცესში ეკოლოგიისთვის ზიანის მიყენების შემცირების კუთხით. ეკატერინე ქარდავამ მადლობა გადაუხადა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებს ფორუმის მხარდაჭერისთვის.

ფორუმის მომხსენებელმა ისაუბრა კლიმატის ცვლილებებზე გლობალური გამოწვევების ჭრილში და ამ კუთხით საქართველოში არსებულ ზეგავლენებზე. ლაშა ნაკაშიძემ მონაწილეებთან სამ ძირითად მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება: რა გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილება ჩვენს ქვეყანაზე; ადამიანის ქმედებები რა უარყოფითი შედეგის მომტანი შეიძლება იყოს გლობალური კლიმატის ცვლილების პროცესში და რისი გაკეთება შეუძლია, როგორც თითოეულ საჯარო მოხელეს, ისე ცალკეულ უწყებებს გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად.

ფორუმის მეორე ნაწილში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მცირე ჯგუფებში განესაზღვრათ ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს მწვანე საჯარო სამსახურის კონცეფციის პრაქტიკულ განხორციელებას და გარემოს დაცვისკენ მიმართული ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბებას საჯარო სამსახურში.

საჯარო მოხელეთა ფორუმებს ბიურო 2019 წლის დეკემბრიდან მასპინძლობს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პროფესიული საჯარო მოხელეები.

ფორუმის შეხვედრები ტარდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, პროექტის - „საჯარო სამსახურის რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში მმართველობის ახალი გზების დანერგვის ხელშეწყობა“ - ფარგლებში.

გამოგადგათ ინფორმაცია

მსგავსი გვერდები