საჯარო მოხელეთა ფორუმის მეჩვიდმეტე შეხვედრა თემაზე „ემოციური ინტელექტი”
საჯარო სამსახურის ბიუროს ორგანიზებით, 28 სექტემბერს საჯარო მოხელეთა მორიგი ფორუმი გაიმართა. შეხვედრის თემას წარმოადგენდა „ემოციური ინტელექტი“ და მას ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა უძღვებოდა.
ფორუმი საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ გახსნა, რომელმაც ისაუბრა ფორუმის თემის მნიშვნელობის შესახებ, მადლობა გადაუხადა მომხსენებელს ჩართულობისათვის და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) ფორუმების ორგანიზებაში გაწეული მხარდაჭერისათვის.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორებიცაა ემოციური ინტელექტი და მისი გავლენა ადამიანების საქმიანობაზე, ასევე, ემოციური ინტელექტის განვითარების გზები და ემოციების მართვის ტექნიკები.
ფორუმის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ჩართულიყვნენ დისკუსიაში და გაეზიარებინათ თავიანთი გამოცდილება. ფორუმის ფარგლებში მოხელეთა მხრიდან აღნიშნული თემატიკისადმი მაღალი დაინტერესება გამოიხატა და შეხვედრამ მონაწილეთა აქტიური ჩართულობის რეჟიმში ჩაიარა.
საჯარო მოხელეთა ფორუმებს ბიურო 2019 წლის დეკემბრიდან მასპინძლობს და მასში მონაწილეობას იღებენ ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პროფესიული საჯარო მოხელეები.
ფორუმის შეხვედრები ტარდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, პროექტის - „საჯარო სამსახურის რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში მმართველობის ახალი გზების დანერგვის ხელშეწყობა“ - ფარგლებში.