Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
საჯარო სამსახურის რეფორმა

სამუშაო შეხვედრა საჯარო სამსახურში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის შესახებ

icon 06 მარ 2014

საჯარო სამსახურის ბიუროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით გაიმართა სამდღიანი სამუშაო შეხვედრა საჯარო სამსახურში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესების შემუშავების მიზნით. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ გერმანელი იურისტ-მეცნიერი დიტერ უმბახი, ქართველი ექსპერტი პროფესორი პაატა ტურავა, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლები.

შეხვედრის ფარგლებში მოხდა კონკურსისა და ატესტაციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების, დამატებით გასათვალისწინებელი საკითხების და საერთაშორისო პრაქტიკის განხილვა, ასევე თავად წესების პროექტების და მათ დასამტკიცებლად წარდგენის გეგმის შემუშავება. სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული პროექტის საჯარო განხილვა დაგეგმილია უახლოეს მომავალში საჯარო სამსახურებში ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პირებთან.

ცნობისათვის კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესები განსაზღვრულია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, თუმცა "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებიდან გამომდინარე, აღნიშნული წესების დამტკიცება 2014 წლის 1 აპრილამდე მთავრობის დადგენილებით უნდა მოხდეს.

ეფექტური საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს საჯარო თანამდებობებზე მიღების და საჯარო მოხელეთა შეფასების დახვეწილი სისტემის არსებობა. მნიშვნელოვანია, რომ მიღების პროცედურები მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს, დაცულ იქნას დასაქმების მსურველის უფლებები და ამავე დროს, დამსაქმებელს ჰქონდეს მოქნილი და ეფექტური კონკურსის ჩატარების წესები. სწორედ ამიტომ, აღნიშნული მიმართულებით საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა საჯარო სამსახურის ბიუროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა.

გამოგადგათ ინფორმაცია