Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
საჯარო სამსახურის რეფორმა

პროფესია საჯარო მოხელე

icon 24 დეკ 2019

საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივით, „საჯარო მოხელეთა ფორუმი“ გაიმართა. ფორუმის მიზანია საჯარო სამსახურში მიმდინარე რეფორმის შესახებ მოხელეთა ინფორმირებულობა, მათი ჩართულობის უზრუნველყოფა და გამოცდილების გაზიარება.

მოხელეთა პირველი ფორუმი 24 დეკემბერს ჩატარდა და მიეძღვნა თემას „პროფესია - საჯარო მოხელე“. ღონისძიება საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ქალბატონმა ეკატერინე ქარდავამ გახსნა.

„დღეს არის პირველი მცდელობა, რომ სხვადასხვა უწყების საჯარო მოხელეები შევიკრიბოთ ასეთ ინსპირაციულ და მეგობრულ გარემოში. იდეაც მდგომარეობს იმაში, რომ ერთმანეთს უფრო დავუახლოვდეთ და სადისკუსიო ფორმატში გადავიტანოთ ის გამოწვევები, რაც საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონის ამოქმედებამ წარმოშვა. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოხელემ შემოგვთავაზოს ახალი იდეები და პრობლემის გადაჭრის გზები, რომელიც უკეთესს გახდის საჯარო სამსახურს. - აღნიშნა ეკატერინე ქარდავამ.

 „თქვენ არც უნიფორმა გაცვიათ და არც იარაღი გიჭირავთ ხელში, თუმცა ისევე უნდა იამაყოთ თქვენი სამსახურით, როგორც სამხედროები ამაყობენ. გაერო-ს მიერ წელს ჩატარებული კვლევა გვიჩვენებს საინტერესო ფაქტს, რომ საჯარო მოხელეები კრიტიკულები არიან საკუთარი საქმის მიმართ, ეს კი ერთი ორად მნიშვნელოვანს და აქტუალურს ხდის მსგავს სივრცეში ასეთი ფორმატის შეხვედრებს, სადაც მოხელეები არამარტო ისაუბრებენ მათთვის აქტუალურ თემებზე, არამედ გაუზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას“ - აღნიშნა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ქალბატონმა ლუიზა ვინტონმა.

მოხელეთა პირველ ფორუმს, რომელიც მოხელის როლსა და მნიშვნელობაზე მსჯელობას დაეთმო, ანდრო დგებუაძე უძღვებოდა და მასში მონაწილეობას იღებდნენ ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პროფესიული საჯარო მოხელეები.

საჯარო სამსახურის ბიურო აღნიშნული ფორმატის შეხვედრების ჩატარებას გააგრძელებს 2020 წლის განმავლობაში.

საჯარო მოხელეთა ფორუმის შეხვედრები იმართება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, პროექტის - „საჯარო სამსახურის რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში მმართველობის ახალი გზების დანერგვის ხელშეწყობა“ - ფარგლებში.

გამოგადგათ ინფორმაცია