პრეზენტაცია თემაზე „გენდერული თანასწორობა საჯარო სამსახურში: ლიეტუვას გამოცდილება“
26 აგვისტოს საჯარო სამსახურის ბიუროსა და ლიეტუვას რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციას შორის მიმდინარე დაძმობილების პროექტის ფარგლებში, დისტანციურად გაიმართა პრეზენტაცია თემაზე - „გენდერული თანასწორობა საჯარო სამსახურში: ლიეტუვას გამოცდილება“.
პრეზენტაციის ფარგლებში ლიეტუველმა ექსპერტებმა ისაუბრეს საჯარო სამსახურში გენდერული თანასწორობის საკითხების მნიშვნელობაზე, ლიეტუვაში ამ მიმართულებით მომუშავე უწყებებზე, მათ როლსა და უფლებამოსილებებზე. გარდა ამისა, ექსპერტებმა, მიმოიხილეს საკანონმდებლო დონეზე არსებული რეგულაციები და სამუშაო ადგილზე გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის, ასევე, სექსუალური შევიწროების აღმოფხვრის პრაქტიკული მექანიზმები.
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ. ასევე, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ლელა აქიაშვილმა.
საჯარო სამსახურის ბიუროსა და ლიეტუვას რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციას შორის დაძმობილების პროექტი 2018 წელს დაიწყო და იგი ევროკავშირის მიერ ფინანსდება. პროექტის მიზანია საჯარო სამსახურის ბიუროს ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმის ეფექტური განხორციელების ხელშეწყობის მიზნით.