მოხელეთა ფორუმის მეორე შეხვედრა - „კომუნიკაცია საჯარო სამსახურში“
საჯარო სამსახურში მიმდინარე რეფორმის შესახებ მოხელეთა ინფორმირებულობის, მათი ჩართულობის უზრუნველყოფისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივით „საჯარო მოხელეთა ფორუმის“ მეორე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა 14 თებერვალს ჩატარდა და მიეძღვნა თემას “კომუნიკაცია საჯარო სამსახურში“. შეხვედრის მომხსენებელი კომუნიკაციების ექსპერტი ნათია გოცაძე იყო.
ფორუმის მსმენელებს გახსნითი სიტყვით საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ მიმართა. თავის გამოსვლაში მან ისაუბრა აღნიშნული ფორმატით გამართული შეხვედრების მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადა საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) მხარდაჭერისთვის. ეკატერინე ქარდავამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მოხელის როლზე საჯარო სამსახურის რეფორმირებისა და ახალი კანონდმებლობის იმპლემენტაციის პროცესში.
მოხელეთა პირველი ფორუმი 2019 წლის 24 დეკემბერს გაიმართა. აღნიშნული ფორმატით გამართულ შეხვედრებში მონაწილეობას იღებენ ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პროფესიული საჯარო მოხელეები.
საჯარო მოხელეთა ფორუმის შეხვედრები იმართება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, პროექტის - „საჯარო სამსახურის რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში მმართველობის ახალი გზების დანერგვის ხელშეწყობა“ - ფარგლებში.