ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა საქართველოში
2011 წლის 17 ოქტომბერს საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივით სასტუმრო „Sheraton Metechi Palace’’-ში საჯარო სამსახურების საქმისწარმოების მენეჯერების შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი საჯარო სამსახურებში დოკუმენტბრუნვის მართვის კუთხით გამოცდილების გაზიარება და ელექტრონული პროგრამების დანერგვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა იყო.
შეხვედრას სამინისტროების, საქართველოს პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სხვადასხვა სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მოეწყო საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მომზადებული პრეზენტაცია, რომელიც საქართველოში მოქმედ დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ პროგრამებსა და მათ შორის ინფორმაციის გაცვლას ეხებოდა.
ასევე, წარმოდგენილი იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ-საჯარო რეესტრის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შექმნილი დოკუმენტბრუნვის ელექტრონული პროგრამების პრეზენტაცია.
აღნიშნული შეხვედრა ნაწილია იმ მასშტაბური პროექტისა, რომელსაც საჯარო სამსახურის ბიურო ახორციელებს და რომელიც მომავალში გულისხმობს ყველა სახელმწიფო უწყების ჩართვას დოკუმენტბრუნვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში.