დაძმობილების პროექტის მმართველი კომიტეტის რიგით მე-5 შეკრება
განვლილი ერთი წელი და ამ ხნის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები შეჯამდა დაძმობილების პროექტის მმართველი კომიტეტის შეხვედრაზე.
კომიტეტი, რომელიც უკვე მეხუთედ შეიკრიბა, განკარგავს საჯარო სამსახურის ბიუროსა და ლიეტუვას რესპუბლიკის სამთავრობო უწყებებს შორის მიმდინარე დაძმობილების პროექტს და აერთიანებს პროექტში ჩართულ ყველა მხარეს.
შეხვედრაზე მიმოხილულ იქნა პროექტის ფარგლებში განვლილი პერიოდი, ამ ხნის განმავლობაში მიღწეული შედეგები და განისაზღვრა თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებები.
საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ აღნიშნა, რომ ამ დრომდე არსებული თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერად და ეფექტურად წარიმართა და რომ პროექტით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება დადგენილ ვადებში შესრულდა. მისი განმარტებით, უცხოელ კოლეგებთან პარტნიორობა იყო ძალიან მოქნილი, ბიურომ მათი მხრიდან არსებული ბევრი რეკომენდაცია გაითვალისწინა და დაიწყო სხვადასხვა მიმართულებით ინოვაციური მიდგომების დანერგვის პროცესი.
ეკატერინე ქარდავას თქმით, დაძმობილების პროექტი არ ემსახურება მხოლოდ ბიუროს გაძლიერებას, ის საქართველოს სხვადასხვა საჯარო დაწესებულებების ინსტიტუციურ და პროფესიულ განვითარებას უწყობს ხელს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან სამომავლოდ რეფორმის იმპლემენტაციისას ისინი მზად იქნებიან ცვლილებების დასანერგად.
საჯარო სამსახურის ბიუროსა და ლიეტუვას რესპუბლიკის სამთავრობო უწყებებს შორის დაძმობილების პროექტი 2018 წელს დაიწყო და ის ევროკავშირის მიერ ფინანსდება.
პროექტის მიზანია საჯარო სამსახურის ბიუროს ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმის ეფექტური განხორციელების ხელშეწყობის მიზნით.