Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ზოგადი ინფორმაცია

გაიმართა საჯარო მოხელეთა ფორუმის შეხვედრა თემაზე „რატომ არის საინტერესო ეკონომიკა“

icon 05 მარ 2021

საჯარო სამსახურის ბიურომ, 1 მარტს, საჯარო მოხელეთა მორიგ ფორუმს უმასპინძლა დისტანციურ რეჟიმში, თემაზე „რატომ არის საინტერესო ეკონომიკა“. შეხვედრას უძღვებოდა ეკონომისტი გიორგი ბაქრაძე.

ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა საჯარო მოხელეებს ფორუმის შეხვედრაში მონაწილეობისთვის და აღნიშნა საჯარო მოხელეთა ფორუმების მნიშვნელობა, რომლის მიზანიცაა მოხელეებს შორის კომუნიკაციის გაღრმავება. შესავალი სიტყვის ბოლოს, მან მადლობა გადაუხადა გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) ფორუმების ორგანიზებისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის.

ფორუმი ინტერაქციული იყო და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ და თავიანთი მოსაზრებები დაეფიქსირებინათ შეხვედრის თემასთან დაკავშირებით. მომხსენებელმა ისაუბრა იმ საკითხებზე, რასაც ეკონომიკა სწავლობს. კერძოდ, კონკრეტული მაგალითების გამოყენებით, სპიკერმა განიხილა შეზღუდული რესურსების,  გადაწყვეტილების მიღების, ადამიანის ქცევის და სტიმულებზე რეაგირების საკითხები. სხვა თემებთან ერთად, გიორგი ბაქრაძემ მონაწილეებს გააცნო ალტერნატიული დანახარჯის ცნება, ეკონომიკაში მეცნიერული მეთოდების გამოყენების მნიშვნელობა, ბაზრების ტიპები, ეკონომიკური მაჩვენებლები და ასევე, ისაუბრა ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაზე.

საჯარო მოხელეთა ფორუმებს ბიურო 2019 წლის დეკემბრიდან მასპინძლობს და  მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პროფესიულ საჯარო მოხელეებს.

ფორუმის შეხვედრები ტარდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით მიმდინარე პროექტის - „აზროვნების ტრანსფორმაცია და ორგანიზაციული კლიმატის გაუმჯობესება საჯარო სამსახურში“ - ფარგლებში.

გამოგადგათ ინფორმაცია