გაეროს საჯარო სამსახურის დღე
23 ივნისს, გაეროს საჯარო სამსახურის დღესთან დაკავშირებით, საჯარო სამსახურის ბიუროს ორგანიზებით, გაიმართა ღონისძიება „მდგრადი საჯარო სამსახური: კარიერული და პროფესიული განვითარება“. ღონისძიება გახსნეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ და საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა თეიმურაზ ჩიხრაძემ.
„ჩვენი ერთობლივი მიზანია საჯარო სამსახური გახდეს მიმზიდველი დამსაქმებელი, რომელიც ზრუნავს თანამშრომლების კეთილდღეობაზე, ჰყავს პროფესიონალი საჯარო მოსამსახურეები, აქვს მოქნილი სტრუქტურები და პროცესები, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს განვითარების სისტემურ შესაძლებლობებს.“ - განაცხადა თეიმურაზ ჩიხრაძემ.
ღონისძიების პირველი ნაწილი დაეთმო პანელურ დისკუსიას. მონაწილეებს მიმართეს მარკ კლეიტონმა, დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, ნიკ ბერესფორდმა, UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ლელა ჩიქოვანმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზვიად ბარქაიამ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ. მათ ხაზი გაუსვეს პროფესიული საჯარო სამსახურის მნიშვნელობას დემოკრატიული, თანასწორი და სამართლიანი საზოგადოების მშენებლობაში.
ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო თემატურ ჯგუფებში მუშაობას პროფესიული და კარიერული განვითარების გაუმჯობესების შესაძლებლობებზე ე.წ. world-café-ს მოდელით. პროფესიული განვითარების თემატურ ჯგუფში მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთი საკითხების გაუმჯობესების გზებზე, როგორიცაა: პროფესიული განვითარების საჭიროების შეფასება, დაგეგმვა, განხორციელება და ეფექტიანობის შეფასება. შედეგად, სამუშაო ჯგუფის მონაწილეებმა, აქტიური დისკუსიის ფარგლებში, დასახეს სამომავლო ხედვა პროფესიული განვითარების ციკლის თითოეული კომპონენტის გასაუმჯობესებლად. მსჯელობა გაიმართა საჭიროების სრულფასოვან გამოკვლევა-შეფასებაზე, ჯეროვანი გეგმის შედგენის, შესაბამისი, უწყვეტი კომუნიკაციის, ჩართული პირებისა და როლების განსაზღვრის, ცნობიერების ამაღლების, ინფორმაციულობის გაზრდის, მრავალფეროვანი მეთოდების, გეგმის განხორციელების პრაქტიკული გზებისა და პროფესიული განვითარების პროგრამის ეფექტიანობის შეფასების საკითხებზე.
კარიერული განვითარების თემატურ ჯგუფში ღონისძიების მონაწილეებმა სისტემის მართვის კუთხით გამოკვეთეს ერთიანი მიდგომის დამკვიდრების საჭიროება, თანამდებობათა რანგირების მიმართულებით ყურადღება გამახვილდა მრავალფეროვანი ჯგუფების კარიერული განვითარების შესაძლებლობების გაზრდაზე, ხოლო მენეჯერული უნარების მიმართულებით დელეგირების გაძლიერებასა და მენეჯერული კომპეტენციების გაზომვის მექანიზმების მნიშვნელობაზე. შერჩევის კუთხით თემატურმა ჯგუფმა იმსჯელა მოხელის კომპეტენციების გათვალისწინებასა და მონაწილე სუბიექტების მრავალფეროვნებაზე.
ღონისძიებას საქართველოს ცენტრალური საჯარო დაწესებულებების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების 100-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.
ღონისძიება გაიმართა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით.