Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng

საჯარო სამსახურის განვითარების ხედვა

საჯარო სამსახურის რეფორმა

საჯარო სამსახურის რეფორმა საჯარო მმართველობის რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს, რომელიც  საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 2014 წლიდან აქტიურად ხორციელდება. საჯარო სამსახურის და ადამიანური რესურსების მართვის სისტემის რეფორმის მიზანია მერიტოკრატულ პრინციპზე დაფუძნებული ეფექტიანი და ეფექტური საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიონალიზმის ხელშეწყობასა და დაფასებას.

 

საჯარო მმართველობის რეფორმის წარმატებით განხორციელება ფუნდამენტურ როლს ასრულებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. „ასოცირების შესახებ შეთანხმება, ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის“ მოიაზრებს სიღრმისეული რეფორმების განხორციელებას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საჯარო მმართველობა და საჯარო სამსახური. დოკუმენტის პრეამბულის თანახმად, შეთანხმების ეფექტიანი განხორციელებისათვის აუცილებელია:

 

„სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, კარგი მმართველობა, მათ შორის საგადასახადო სფეროში, სავაჭრო ინტეგრაცია და გაღრმავებული ეკონომიკური თანამშრომლობა, ინსტიტუციური განვითარება, საჯარო მმართველობისა და საჯარო სამსახურის რეფორმა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, სიღარიბის შემცირება და თავისუფლების, უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სფეროში თანამშრომლობა“.

 

ასოცირების შეთანხმების მიხედვით, „მხარეები ითანამშრომლებენ, რათა განავითარონ საჯარო მმართველობის რეფორმა და შექმნან ანგარიშვალდებული, ეფექტიანი, ქმედითი, გამჭვირვალე და პროფესიონალური საჯარო სამსახური“.

 

საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში მრავალი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა საჯარო სამსახურის სისტემის განვითარების, ასევე, გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების უზრუნველყოფის კუთხით. გაუმჯობესდა საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის სისტემა, კერძოდ, ახალი მიდგომები დაინერგა პროფესიული განვითარების, დამსახურებაზე დაფუძნებული დასაქმებისა და შესრულებული სამუშაოს შეფასების მიმართულებით.

 

რეფორმის ერთ-ერთ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 ნოემბრის N627 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფცია და 2015 წლის 27 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, რომელიც ძალაში 2017 წლის ივლისიდან შევიდა. ამასთანავე, პირველად შემუშავდა „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელმაც სისტემურობაში მოიყვანა ეთიკისა და ქცევის წესები, როგორც ერთიანი საჯარო სამსახურის სახელმძღვანელო პრინციპები და ღირებულებები.

 

საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციით განისაზღვრა რეფორმის პრიორიტეტები 10 ძირითადი მიმართულებით, რომლის მიზანიც იყო მერიტოკრატულ პრინციპზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება, პროფესიონალიზმის წახალისება, ხელშეწყობა და დაფასება.

 

2015 წლიდან საჯარო სამსახურისა და ადამიანური რესურსების სისტემის განვითარების ხედვა ასახულია ჩარჩო ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტში - საჯარო მმართველობის რეფორმის სტრატეგიასა და შესაბამის სამოქმედო გეგმებში.