Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng

პროფესიული განვითარების პროგრამები

ინსტიტუციური მოწყობა

პროფესიული განვითარების საჭიროებების დადგენის შემდგომ ეტაპს წარმოადგენს პროფესიული განვითარების აქტივობების დაგეგმვა. სწორედ ამ ეტაპზე განისაზღვრება პროფესიული განვითარების პროგრამის შინაარსი, ფორმა, სწავლების სასურველი მეთოდი, განმახორციელებელი პირი ან ორგანიზაცია და განხორციელების ვადები.

 

დადგენილებით გათვალისწინებულია პროფესიული განვითარების ორი სახის პროგრამა: საბაზისო და დამატებითი. აღნიშნული პროგრამის ტიპები სხვადასხვა მიზანს ემსახურება და განსხვავებულად ეხმარება საჯარო მოხელეებს თავიანთი კომპეტენციებისა და უნარების განვითარებაში.

 

 

პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამები

 

პროფესიული განვითარებისათვის საბაზისო პროგრამებს გადის პირი, რომელიც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით, ღია ან დახურული კონკურსის საფუძველზე პირველად ინიშნება მოხელის თანამდებობაზე, დანიშვნიდან ერთი წლის ვადაში.

 

საბაზისო პროგრამების გავლა სავალდებულოა და თავის მხრივ, იყოფა აკრედიტებულ, თემატურ არააკრედიტებულ და არააკრედიტებულ საბაზისო პროგრამებად. ამ პროგრამების მიზანია ხელი შეუწყოს პიროვნული და პროფესიული უნარების განვითარებას და შექმნას ეფექტური საფუძვლები მათი შემდგომი განვითარებისთვის.

 

საბაზისო პროგრამები მოიცავს ისეთ აკრედიტირებულ საბაზისო პროგრამებს, როგორებიცაა: „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება“, IV და III რანგის მოხელეთათვის და „მოხელის მენეჯერული უნარები“, II და I რანგის მოხელეებისთვის.

 

გარდა ამისა, არის თემატური არააკრედიტებული საბაზისო პროგრამები  და არააკრედიტებული საბაზისო პროგრამები, რომელებიც საშუალებას აძლევს საჯარო მოხელეებს, პროფესიული განვითარების კურსები გაიარონ დამოუკიდებლად, ელექტრონული სასწავლო პლატფორმის (Elearning.csb.gov.ge) გამოყენებით. პროგრამების აღწერასა და სამიზნე აუდიტორიის შესახებ  ინფორმაციას დეტალურად არეგულირებს საქართველოს მთავრობის N242 დადგენილება.

 

 

პროფესიული განვითარების დამატებითი პროგრამები

 

პროფესიული განვითარების დამატებით პროგრამების მიზანია ხელი შეუწყოს სპეციალიზებული ცოდნისა და უნარების განვითარებას, რომლებიც აუცილებელია კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად. დამატებითი პროგრამების განხორციელების საფუძველია საჭიროებების კვლევა და მისი შედეგები, რომელიც ეფუძნება: თითოეული იერარქიული რანგის თანამდებობისათვის გათვალისწინებული მოთხოვნების, მოხელის სამუშაო აღწერილობის, მოხელის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების შედეგებისა ან/და საჯარო დაწესებულების სტრატეგიული მიზნების და საჭიროებების ანალიზს.

 

საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს, ხოლო თითოეული საჯარო მოხელე ვალდებულია გაიაროს  პროფესიული განვითარების  დამატებითი  პროგრამის ერთი კურსი მაინც საჭიროების გამოვლენიდან ორი წლის განმავლობაში. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამოვლენილი საჭიროებით გათვალისწინებული მოხელის ცოდნისა და უნარების განვითარება ხდება საჯარო დაწესებულების ან/და თავად მოხელის მიერ განხორციელებული ღონისძიების ფარგლებში.

 

სასწავლო პროგრამების განმახორციელებელი შეიძლება იყოს საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით საქართველოში მოქმედი საგანმანათლებლო დაწესებულება, ასევე  საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი სხვა ნებისმიერი იურიდიული პირი.

 

2024 წლის მდგომარეობით, პროფესიული განვითარების საბაზისო აკრედიტებულ პროგრამებს ახორციელებს 8 აკრედიტირებული ტრენინგ-ცენტრი (სსიპ - საჯარო აუდიტის ინსტიტუტი, სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლა, სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემია, სსიპ - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა, სსიპ - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი, შპს - მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი ალტერბრიჯი).

 

რაც შეეხება დამატებით პროგრამებს, განმახორციელებლები შესაძლოა იყვნენ, მათ შორის, არააკრედიტებული დაწესებულებებიც.