Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng

პროფესიული განვითარების არსი და მნიშვნელობა

ინსტიტუციური მოწყობა

საჯარო სამსახურში პირთა კარიერული ზრდა, სწორედ რომ პროფესიული განვითარებისა და შეფასების სამართლიან სისტემებს ემყარება. პროფესიული განვითარება ორგანიზაციაში უწყვეტ პროცესს წარმოადგენს და იგი მნიშვნელოვანი კომპონენტია ორგანიზაციის აუცილებელი შრომითი პოტენციალის უზრუნველსაყოფად. თავის მხრივ, პროფესიული განვითარება დასაქმებულთა ისეთი ცოდნით, უნარ-ჩვევებით, თანამედროვე პრაქტიკითა და ღირებულებებით აღჭურვას გულისხმობს, რომელიც ხელს შეუწყობს დაწესებულებების სტრატეგიული მიზნების შესრულებას.

 

საჯარო სამსახურში დასაქმებული მოხელეების პროფესიული განვითარების უზრუნველსაყოფად და მათთვის სხვადასხვა მიმართულებით საბაზისო და სპეციფიკური ცოდნის გადაცემის მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად ხდებოდეს ცოდნის, კომპეტენციების, პროფესიული, ტექნიკური და სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებაზე ზრუნვა. მსგავსი მიდგომა არა მხოლოდ აძლიერებს საჯარო მოხელეთა ინდივიდუალურ პროფესიულ განვითარებას, არამედ ხელს უწყობს დამსახურებაზე და წარმატებაზე ორიენტირებული საჯარო სამსახურის შექმნას.

 

აღსანიშნავია, რომ პროფესიული განვითარება საჯარო სამსახურის რეფორმის ერთ-ერთ ცენტრალურ ასპექტს წარმოადგენს. შესაბამისად, „საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში ვხვდებით მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც ეხება მოხელის პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს, სასწავლო პროგრამებში მის სავალდებულო მონაწილეობის საკითხებს, ამ პროცესში საჯარო დაწესებულების ჩართულობასა და მოხელის პროფესიული განვითარებისათვის  შესაძლებლობების შეთავაზებას.

 

უფრო კონკრეტულად კი, „პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრის წესის, პროფესიული განვითარების სტანდარტისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N242 დადგენილებით, რეგულირებულია პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრის პროცედურა, აგრეთვე  მოხელის სავალდებულო პროფესიული განვითარების სტანდარტები და სავალდებულო პროფესიული განვითარების პროგრამების ხარისხის კონტროლის წესი.

 

საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით, პროფესიული განვითარების ციკლი იყოფა ოთხ ეტაპად:

ა) პროფესიული განვითარების საჭიროების ანალიზი;

ბ) პროფესიული განვითარების აქტივობების დაგეგმვა;

გ) პროფესიული განვითარების განხორციელება;

დ) პროფესიული განვითარების შეფასება.