შრომის ანაზღაურება
საჯარო სამსახურში მოხელის შრომის ანაზღაურების სისტემა ემყარება გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებს, რომლებიც გულისხმობს თანაბარი სამუშაოს შესრულებისთვის თანაბარი ანაზღაურების მიღებას.
აღნიშნული პრინციპის რეალიზების მიზნით, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს კოეფიციენტს საჯარო დაწესებულებაში არსებული თითოეული თანამდებობის/პოზიციის ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით. ყოველი თანამდებობის ფუნქციური დატვირთვა და შინაარსი განაპირობებს თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრასა და შესაბამისი სახელფასო კოეფიციენტის შერჩევის წინაპირობას. შერჩეული კოეფიციენტი გამრავლდება საბაზო თანამდებობრივ სარგოზე და მიიღება თითოეული თანამდებობის ფუნქციური დატვირთვის ადეკვატური თანამდებობრივი სარგო.
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა და სტაჟიორთა შრომის ანაზღაურების, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა და სტაჟიორთა რიცხოვნობის განსაზღვრის საკითხებს, ადგენს შესაბამის პირთა ნახევარ განაკვეთზე მუშაობისას, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისას შრომის ანაზღაურების პირობებს და განსაზღვრავს მათთვის დროებით დაკისრებული ფუნქციების შესრულებისთვის შრომის ანაზღაურების გაცემის წესსა და პირობებს. ხსენებული კანონი თანამდებობათა რანგების მიხედვით ითვალისწინებს საჯარო მოხელის თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშების წესს შესაბამისი კოეფიციენტების გამოყენების გზით.
მოხელის შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, საკლასო დანამატს, სახელფასო დანამატს, დიპლომატიური რანგის დანამატს და ფულად ჯილდოს.
თანამდებობრივი სარგო არის საჯარო დაწესებულებაში არსებული თანამდებობისათვის/პოზიციისათვის განსაზღვრული ყოველთვიური ანაზღაურება, რომელიც დამტკიცებულია შესაბამისი საშტატო ნუსხით ან განსაზღვრულია შესაბამისი ხელშეკრულებით. თანამდებობრივი სარგოები დგინდება თანამდებობის/პოზიციის ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, საბაზო თანამდებობრივი სარგოს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე ნამრავლით და აისახება საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში.
სახელფასო დანამატი წარმოადგენს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის განსაზღვრულ თანხას.
სახელფასო დანამატის ერთდროული ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი თანამდებობისათვის/პოზიციისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს 1 თვის ოდენობას, ხოლო წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი სახელფასო დანამატის ოდენობა – თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 20%-ს.
სახელფასო დანამატი არ ეძლევა სტაჟიორს, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს და პოლიტიკური თანამდებობის პირს.
საკლასო დანამატი წარმოადგენს მოხელის თანამდებობრივი სარგოს დანამატს, რომელიც ეძლევა იმ მოხელეს, რომელსაც მინიჭებული აქვს მოხელის კლასი. საჯარო მოხელეს კლასი ენიჭება მოხელის შეფასების შედეგების მიხედვით. მოხელის საკლასო დანამატის ოდენობა განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
დიპლომატიური რანგის დანამატი არის „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დიპლომატიური რანგისთვის დაწესებული დანამატი.
ფულადი ჯილდო წარმოადგენს მოხელისათვის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოხელის შეფასების შედეგების შესაბამისად წახალისების საშუალებას. ფულადი ჯილდო შეიძლება მიეცეს მოლოდ იმ მოხელეს, რომელმაც მოხელის შეფასების შედეგად მიიღო „საუკეთესო“ ან „კარგი“ შეფასება.
საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირს (გარდა მოხელისა) ფულადი ჯილდო ეძლევა მისთვის დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის ან/და მის მიერ განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის.
საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ წლის განმავლობაში მიღებული ფულადი ჯილდოს საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ პირის მიერ დაკავებული თანამდებობის/პოზიციის თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 10%-ს.
ფულადი ჯილდო არ ეძლევა სტაჟიორს, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს და პოლიტიკური თანამდებობის პირს.