Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng

საჯარო სამსახურიდან გასვლა

ადამიანური რესურსების მართვა

საჯარო მოხელე ვალდებულია თანამდებობიდან გათავისუფლებამდე სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით მისთვის მინდობილი საჯარო დაწესებულების ქონების დასაბრუნებლად მიმართოს საამისოდ უფლებამოსილ პირს, რომელიც ვალდებულია ჩაიბაროს ქონება. მოხელე საჯარო დაწესებულების შესაბამის უფლებამოსილ პირს უბრუნებს მისთვის მინდობილ ქონებას, მათ შორის: სამსახურებრივი მოწმობას, საშვს ან სხვა ოფიციალურ საიდენტიფიკაციო დოკუმენტს, რომელიც მას გადაცემული ჰქონდა საჯარო დაწესებულებაში უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში.


ამასთან, საჯარო დაწესებულებიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, გათავისუფლების დღიდან 1 წლის განმავლობაში მუშაობა დაიწყოს იმ საჯარო დაწესებულებაში ან საქმიანობას ახორციელებდეს იმ საწარმოში, რომელსაც იგი ბოლო 3 წლის განმავლობაში სისტემატურად ზედამხედველობდა სამსახურებრივად. ამ ხნის განმავლობაში მას აგრეთვე უფლება არა აქვს, მიიღოს შემოსავალი ასეთი საჯარო დაწესებულებიდან ან საწარმოდან. ამდენად, საჯარო მოსამსახურეს საჯარო ინტერესის დაცვის უზრუნველსაყოფად, კანონით განსაზღვრული ვალდებულების შესრულება ეკისრება როგორც სამსახურში საქმიანობის პერიოდში, ისე მისი დატოვების შემდგომ, რაც ქმნის ეფექტური მმართველობითი პროცესის სამართლებრივ გარანტიას.


მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების სავალდებულო საფუძვლებია:

ა) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;
გ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
დ) მოხელის მიმართ სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
ე) მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან გათავისუფლება განისაზღვრა;
ვ) ზედიზედ ორჯერ არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღება;
ზ) მოხელის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ორჯერ არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღება;
თ) სახელმწიფო სამსახურში ან საჯარო სამსახურში სხვა თანამდებობაზე დანიშვნა;
ი) ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადასტურება, გარდა მოხელის მიერ მისი სამკურნალო მიზნით მოხმარების შემთხვევისა, აგრეთვე პერიოდული, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმებისთვის თავის არიდება;
კ) გარდაცვალება.