Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng

პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურში მიღება

ადამიანური რესურსების მართვა

პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურში მიღების ერთიანი სტანდარტი არის  თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვის გარანტი და წინაპირობა.  საჯარო სამსახურში მიღებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირების ძირითადი მიზანია, გამჭვირვალე და მერიტოკრატულ პრინციპებზე დაფუძნებული დასაქმების პროცესის უზრუნველყოფა.

 

საჯარო სამსახურში მისაღებად საჭირო ძირითად მოთხოვნებსა და სამსახურში მიღების წესებს განსაზღვრავს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი და „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის N204-ე დადგენილება.

 

პირის პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობაზე დანიშვნა გულისხმობს მის უვადოდ დანიშვნას მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე.

 

პირის მოხელის თანამდებობაზე მიღების საკანონმდებლო საფუძვლები იყოფა სამ ნაწილად:

 

  • მოხელისათვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნები
  • სპეციალური მოთხოვნები
  • დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

 

 გამიჯვნას საფუძვლად უდევს კომპეტენციის გამიჯვნის და ნორმატიული აქტების იერარქიულობის პრინციპები.

 

ძირითადი მოთხოვნები დგინდება კანონით; კანონით განსაზღვრულია ის მოთხოვნები, რომლებიც საერთოა მთელი საჯარო სამსახურის სისტემისთვის და მოხელის თანამდებობის დაკავების მსურველი ნებისმიერი პირისთვის. კანონის მიხედვით, მოხელედ შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა და მიაღწია 18 წელს.

 

კანონით, ასევე, განსაზღვრულია ის გარემოებები, რა შემთხვევაშიც პირი არ მიიღება მოხელედ. კერძოდ, დაუშვებელია მოხელის თანამდებობის დაკავება, თუ:

 

  • პირი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისათვის
  • საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომისათვის და გათავისუფლებიდან ერთი წელი არ არის გასული
  • მან სამსახურში მიღებისას არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს
  • სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს საჯარო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება, ან იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო (თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული).

 

სპეციალურ მოთხოვნებს, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, ადგენს საქართველოს მთავრობა, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

 

დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს კი ადგენს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობაზე პირის დანიშვნა შესაძლებელია განხორციელდეს ღია, დახურული ან შიდა კონკურსის საფუძველზე. საჯარო სამსახურში ღია კონკურსი ცხადდება ყველაზე დაბალი - მეოთხე რანგის პოზიციებზე და მასში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ კანდიდატს, რომელიც აკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ ძირითად მოთხოვნებს.

 

მოხელე ზემდგომი (მესამე, მეორე ან პირველი) რანგის მოხელის თანამდებობაზე ინიშნება შიდა კონკურსის ან დახურული კონკურსის საფუძველზე. დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში. აღნიშნული მიდგომა ემსახურება მოხელის კარიერული განვითარების პრინციპს, რათა მაღალ თანამდებობაზე კარიერული განვითარების შანსი უპირველესად სისტემაში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებს მიეცეთ.

 

შიდა კონკურსი ცხადდება პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საჯარო დაწესებულების ან/და ამ დაწესებულების სისტემის მასშტაბით და მასში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს იქ  დასაქმებულ მოხელეს.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სრულად ამოქმედებასთან დაკავშირებით დადგენილია გარდამავალი პერიოდი  2025 წლის 1 იანვრამდე. შესაბამისად, საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია გამოაცხადოს ღია, დახურული ან შიდა კონკურსი.

 

კანონით ასევე დადგენილია საკონკურსო კომისიის შექმნის წესი, საქმიანობის ფარგლები, გადაწყვეტილების მიღების პროცედურა და ვადები.

 

საჯარო დაწესებულება მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის www.hr.gov.ge  მეშვეობით. საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესი და პირობები განსაზღვრულია „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის N204-ე დადგენილებით.