Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng

პროფესიული განვითარების მეთოდები

ინსტიტუციური მოწყობა

პროფესიული განვითარების დაგეგმვის შემდგომი ეტაპი უკავშირდება განხორციელებას, რაც გულისხმობს უშუალოდ პროფესიული განვითარებისთვის დაგეგმილი აქტივობების აღსრულებას - მაგ.: ტრენინგის ჩატარებას, მენტორინგს, ელექტრონულ სწავლებას და ა.შ.

 

არსებობს სწავლისა და განვითარების ფორმალური და არაფორმალური მეთოდები. ფორმალური სტილით სწავლება სასწავლო კურსებისა და ტრენინგების პროცესში კონკრეტული პირის, ლექტორის, ტრენერის, მასწავლებლის ჩართულობას მოითხოვს, რათა მან მსმენელს გადასცეს ცოდნა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და გაუზიაროს გამოცდილება.

 

ხოლო, არაფორმალური სწავლების მეთოდი უფრო მოქნილია და ითვალისწინებს პიროვნული გამოცდილების, რეალური სამუშაო გარემოსა და პრაქტიკული უნარების განვითარებას. თუმცა, არაფორმალურ გარემოში სწავლის დროსაც გათვალისწინებულია კონკრეტული პირი, ძირითადად, მენტორი ან ქოუჩი, რომელიც თანამშრომლის საქმიანობის არაფორმალური მხარდამჭერია და ცდილობს გარკვეული უნარების სამუშაო პროცესში გამომუშავებისა და გაუმჯობესების ხელშეწყობას.

 

საქართველოს მთავრობის N242 დადგენილება განსაზღვრავს შემდეგ პროფესიული განვითარების პროგრამების გავლის შესაძლებლობას სწავლების შემდეგი მეთოდებით/ფორმებით:

 

ა)  ელექტრონული კურსი, რაც გულისხმობს დისტანციურ სწავლებას;

ბ) საკლასო მეცადინეობა, რაც გულისხმობს ტრენერის თანდასწრებით მეცადინეობას ლექციის, სემინარისა და სხვა ფორმატში;

გ) მასტერკლასი, რაც გულისხმობს შესაბამისი დარგის პროფესიონალის მიერ  გამოცდილების გაზიარებას ლექციის, სემინარისა და სხვა ფორმატში;

დ) სწავლა კეთებით, რას გულისხმობს პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას;

ე) ელექტრონული სასწავლო პლატფორმის გამოყენებით სწავლება, რაც გულისხმობს სასწავლო კურსის გავლას დამოუკიდებლად, ამისათვის სპეციალურად შექმნილი პლატფორმის გამოყენებით.

 

ასევე, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ პროფესიული განვითარების სხვა სასწავლო/განმავითარებელი მეთოდები და ფორმები, როგორიცაა: მენტორინგი, ქოუჩინგი, სასწავლო მივლინება/კონფერენცია, თვითგანვითარება, თემატური შეხვედრები/დისკუსიები, პროექტები, შემთხვევების ანალიზი, დელეგირება/სამუშაოს გამრავალფეროვნება და ა.შ.