Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng

საჯარო სამსახურის საზღვრები

ინსტიტუციური მოწყობა

მოცემულია თანამდებობების ის კატეგორია, რომელზეც ვრცელდება საჯარო სამსახურის კანონმდებლობა, ასევე, ის პოზიციები, რომლებიც სხვა კანონმდებლობის რეგულირების ქვეშ იმყოფება


„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების მიზნიდან გამომდინარე, იგი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.


საჯარო სამსახურის ერთიან სისტემაში საჯარო სამსახური ხორციელდება საჯარო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირების მიერ, რომელთა შორის მოიაზრება პროფესიული საჯარო მოხელე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. მათგან განსაკუთრებით უნდა გამოიყოს პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსი, ვინაიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულირების სფეროს ძირითადი შინაარსი მდგომარეობს პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურში მიღების, სამსახურის გავლის და მისი სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიების შექმნის საკითხების განსაზღვრაში.


რაც შეეხება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირსა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს, მათზე ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება ამავე კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.


აღსანიშნავია, რომ  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების სფერო ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა.


თუმცა გასათვალისწინებელია, რომ გარდამავალ პერიოდში (2017 წლის 1 ივლისიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი), საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო, რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა) არ ვრცელდება  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (გარდა 34-ე მუხლის მე-6 პუნქტისა, 35-ე, 36-ე და 39-ე–43-ე მუხლებისა) მოქმედება. მოცემული გამონაკლისების გარდა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები (გარდა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკითხებისა) წესრიგდება საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით. გამონაკლისს წარმოადგენს  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის №1022-Iს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებულ პირები, ვისზეც გარდამავალ პერიოდში ვრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი.


,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის კანონის მოქმედების ფარგლებში არ ექცევიან პოლიტიკური თანამდებობის პირები და სახელმწიფო მოსამსახურეები,  ვინაიდან მათ მიერ უფლებამოსილებების განხორციელება დაკავშირებული არ არის საჯარო მმართველობის განხორციელებასთან ვიწრო გაგებით.


ასევე, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება არ ვრცელდება:

  • საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის, დროებითი საგამოძიებო კომისიისა და სხვა დროებითი კომისიის აპარატების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ფრაქციის აპარატის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის აპარატის თანამშრომლებზე;
  •  მოსამართლეზე;
  • პროკურორსა და პროკურატურის გამომძიებელზე;
  • საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრზე;
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეზე;
  • საქართველოს სახალხო დამცველსა და მის მოადგილეზე;
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორსა და მის მოადგილეზე;
  • სახელმწიფო ინსპექტორსა და მის მოადგილეზე; (ამოქმედდეს 2019 წლის 1 ივლისიდან)
  • საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მოადგილეზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მოადგილეზე, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსსა და მის მოადგილეზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების აპარატების უფროსებსა და მათ მოადგილეებზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების აპარატების უფროსებსა და მათ მოადგილეებზე;
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს მინისტრების სათათბირო ორგანოების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებზე;
  • საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსსა და მის მოადგილეზე;
  • ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს წევრზე;
  • საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნებსა და მათ მოადგილეებზე;
  • საქართველოს ბიზნესომბუდსმენსა და მის მოადგილეზე;
  • საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრებზე;
  • საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – საქართველოს ნოტარიუსთა პალატაზე, გარდა მისი გამგეობის აპარატის მოსამსახურისა;
  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრზე;
  • საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე;
  • სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე;
  • საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დირექტორზე, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრებზე და საპენსიო სააგენტოს თანამშრომლებზე.

აღნიშნულ პირებზე (გარდასაქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის, დროებითი საგამოძიებო კომისიისა და სხვა დროებითი კომისიის აპარატების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ფრაქციის აპარატის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის აპარატის თანამშრომლებზე), აგრეთვე სახელმწიფო მოსამსახურეზე ვრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები, 51-ე მუხლი, 55-ე მუხლის პირველი პუნქტი, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“−„თ“ ქვეპუნქტები და მე-3 და მე-4 პუნქტები, 62-ე, 64-ე, 66-ე და 124-ე მუხლები, თუ სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება:

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებზე;
  • საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელსა და აღსრულების პოლიციის სამმართველოს პოლიციის თანამშრომელზე;
  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელზე;
  • საქართველოს დაზვერვის სამსახურის თანამშრომელზე;
  • სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელზე;
  • საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეზე, საქართველოს თავდაცვის ძალების თანამშრომელზე;
  • დიპლომატიური სამსახურის თანამშრომელზე;
  • საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტისა და ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეებზე;
  • საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეზე;
  • პროკურატურის თანამშრომელზე, გარდა პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლისა;
  • ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატზე;
  • საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატზე;
  • საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის მოსამსახურეზე;
  •  ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მოსამსახურეზე;
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომელზე;
  • სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელზე. (ამოქმედდეს 2019 წლის 1 ივლისიდან)