Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng

საჯარო სამსახურის მართვის ცენტრალიზებული სისტემა

საჯარო სამსახურის რეფორმა

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავი აწესრიგებს საჯარო სამსახურის მართვის ცენტრალიზებულ სისტემას, რომელიც არის ორდონიანი და მოიცავს საჯარო სამსახურის საბჭოს და საჯარო სამსახურის ბიუროს.

 

საჯარო სამსახურის საბჭო  არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო და იქმნება საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობის მიზნით. იგი შედგება 11 წევრისაგან, რომელთა უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. საჯარო სამსახურის საბჭო წარმოადგენს საჯარო სამსახურის ერთიანობის გამოხატულებას, ვინაიდან აერთიანებს ხელისუფლების ყველა შტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებს. საბჭოს სხდომის მოწვევის ვალდებულება პრემიერ-მინისტრს წარმოეშვება 6 თვეში ერთხელ მაინც.

 

საჯარო სამსახურის საბჭო უფლებამოსილია, განიხილოს წინადადებები საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის სრულყოფისათვის, მოისმინოს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში და ამ ანგარიშში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით შეიმუშაოს რეკომენდაციები, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში კენჭი უყაროს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხს და განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

 

საჯარო სამსახურის ბიურო, როგორც დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი შექმნილია საჯარო სამსახურის სფეროში საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების განხორციელების, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღების, შესაბამისი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის საჯაროობის, დადგენილ ვადაში და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჩაბარების კონტროლის უზრუნველყოფის, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულების მიზნით.

 

სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელობს ბიუროს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე 5 წლის ვადით ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. კანონმდებლობით განსაზღვრულია მისი წარმომადგენლობითი, მენეჯერული და სამართლებრივი აქტების გამოცემის ფუნქციები.

 

სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს საქმიანობის შედეგები აისახება ბიუროს უფროსის დასაბუთებულ ანგარიშში, რომელიც წარედგინება საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საჯარო სამსახურის საბჭოს. ბიუროს წლიური ანგარიში ქვეყნდება პროაქტიულად, ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე.