Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng

შრომის ანაზღაურება

ადამიანური რესურსების მართვა

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის განსაზღვრის საკითხებს, ადგენს შესაბამის პირთა ნახევარ განაკვეთზე მუშაობისას, ღამის საათებში, დასვენების და უქმე დღეებში და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისას შრომის ანაზღაურების პირობებს და განსაზღვრავს მათთვის დროებით დაკისრებული ფუნქციების შესრულებისათვის შრომის ანაზღაურების გაცემის წესსა და პირობებს. ხსენებული კანონი თანამდებობათა რანგების მიხედვით ითვალისწინებს საჯარო მოხელის თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშების წესს შესაბამისი კოეფიციენტების გამოყენების გზით.

 

საჯარო მოხელის შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, საკლასო დანამატს, სახელფასო დანამატს და ფულად ჯილდოს.

 

თანამდებობრივი სარგო წარმოადგენს საჯარო დაწესებულებაში არსებული თანამდებობისათვის/პოზიციისათვის განსაზღვრულ ყოველთვიურ ანაზღაურებას, რომელიც დამტკიცებულია შესაბამისი საშტატო ნუსხით ან განსაზღვრულია შესაბამისი  ხელშეკრულებით.

 

საკლასო დანამატი წარმოადგენს მოხელის თანამდებობრივი სარგოს დანამატს, რომელიც ეძლევა იმ  მოხელეს, რომელსაც მინიჭებული აქვს მოხელის კლასი. საჯარო   მოხელეს კლასი ენიჭება მოხელის შეფასების შედეგების  მიხედვით. მოხელის საკლასო დანამატის ოდენობა განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

 

სახელფასო დანამატი წარმოადგენს  საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში  საქმიანობისათვის, განსაზღვრულ თანხას.

 

ფულადი ჯილდო წარმოადგენს მოხელისათვის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოხელის შეფასების შედეგების შესაბამისად წახალისების საშუალებას.

 

სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს ოდენობა

 

სახელფასო დანამატის ერთდროული ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი თანამდებობისათვის/პოზიციისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს 1 თვის ოდენობას, ხოლო წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი სახელფასო დანამატის ოდენობა – თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 20%-ს.

 

საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ წლის განმავლობაში მიღებული ფულადი ჯილდოს საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ პირის მიერ დაკავებული თანამდებობის/პოზიციის თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 10%-ს.